ბაზარზე გრავირებული სასაჩუქრე სასმლის გაყიდვა მეტ უპირატესობას გვაძლევს – „ნიამორი“

კომპანია „ნიამორი“ ბაზარზე 2017 წლიდან მუშაობს და ქართლში, მუხრანის მარანში წარმოებულ ღვინოს, ჭაჭასა და კონიაკს ეტიკეტირებული და გრავირებული შეფუთვებით ყიდის. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „ნიამორის“ დირექტორი, გიორგი ბოჭორიშვილი ამბობს, გასულ წელს ღვინის წარმოება 25%-ით, 30 ტონამდე გაზარდეს, გრავირებული, სასაჩუქრე სასმლის სეგმენტში კონკურენტი არ ჰყავთ და სამომავლოდ ერთადერთი გეგმა – მუხრანის მარნის ტურისტების მისაღებ სივრცედ გადაქცევაა.
„კომერსანტი“ გიორგი ბოჭორიშვილს „ნიამორის“ შექმნის, ინვესტიციის, ასორტიმენტის, გრავირებული სასმლის ფასებისა და კომპანიის გეგმების შესახებ ესაუბრა.
როდის შეიქმნა „ნიამორი“ და როგორია ასორტიმენტი და რატომ გრავირებული სასმელი?
გიორგი ბოჭორიშვილი, „ნიამორის“ დირექტორი: 2017 წელს დაარსდა კომპანია. ბაზარზე შემოვედით გრავირებული სასმლით. არჩევანი როცა დაგვიდგა – ეტიკეტირებული ღვინით გამოვჩენილიყავით ბაზარზე, თუ გრავირებული სასაჩუქრე სასმლით, გრავირებულ შეფუთვაზე შევჩერდით, რადგან ეს სეგმენტი ბაზარზე მეტ უპირატესობას გვაძლევდა. მსგავსი ტიპის მომსახურება არც აქამდეც იყო და ახლაა. 2 წლის წინ დაგვემატა ეტიკეტირებული ღვინო და ამ ეტაპზე გვაქვს როგორც სასაჩუქრე გრავირებული სასმელები, ასევე ეტიკეტირებული სასმელი.
რაც შეეხება ასორტიმენტს, ღვინის გარდა ვაწარმოებთ ჭაჭას და კონიაკს. ღვინო განთავსებულია სხვადასხვა ზომის ბოთლებში და სხვადასხვა სასაჩუქრე ნაკრებებია აწყობილი. დაწყვილება ხდება ღვინის და ჭაჭის, ღვინის და ბრენდის, ღვინის ჭიქებთან ერთად, ქვევრებთან ერთად და ა.შ.
თქვენი მეურნეობა გაქვთ, თქვენ აწარმოებთ ღვინოს?
მარანი გვაქვს მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში და ყველა იმ სასმელს, რომელსაც ვყიდით, ჩვენ ვაწარმოებთ. ყურძენს ვყიდულობთ. რამდენიმეწლიანი ურთიერთობა გვაქვს, როგორც ქართლ-კახეთში, ისე იმერეთში მევენახეებთან. მოგვაქვს ყურძენი, შემდეგ ვწურავთ და ვასხამთ ბოთლებში. ძირითად ნაწილი გრავირებულ სასმელზე მოდის. ასორტიმენტს რაც შეეხება, თეთრი ღვინოები გვაქვს კახეთიდან და ქართლიდან, ასევე ვწურავთ ციცქას, გორულ მწვანეს, ჩინურს, თავკვერს, რქაწითელს, ქისს; წითელი ღვინოებიდან გვაქვს – ოჯალეში, ხვანჭკარა, საფერავი, ქინძმარაული. ზოგი ღვინო მხოლოდ ეტიკეტირებულია და არ ხდება გრავირება, მაგალითად – ქინძმარაული არ არის ეტიკეტირებული, და მხოლოდ გრავირებაა. ეს 2 სხვადასხვა მიმართულებაა. გრავირებული ღვინო არის საჩუქარი; ეტიკეტირებული ღვინოს შემთხვევაში მომხმარებელი უკვე გათვითცნობიერებულია რა ღვინო სურს.
ინვესტიციას რაც შეეხება, კერძო ინვესტიციით დაიწყეთ, თუ ამ ხნის განმავლობაში რაიმე გრანტი დაგეხმარათ განვითარებაში?
მარნის მშენებლობის პროცესში გვქონდა კერძო ინვესტიცია პლუს პროექტის „აწარმოე საქართველოში“ შეღავათიანი აგროკრედიტი. 500 000 ლარამდე სესხი ავიღეთ, კერძო ინვესტიცია მარნის შემთხვევაში 200-250 000 ლარამდე იყო.
გასულ წელს რამდენი იყო „ნიამორის“ ღვინის წარმოება?
„ნიამორის“ წარმოების მოცულობა 2023 წელს 30 ტონა იყო. წინა წელთან შედარებით დაახლოებით 25%-იანი ზრდა გვქონდა.
რა ღირს გრავირებული სასმელი?
იქიდან გამომდინარე, რა ზომის ბოთლს ავირჩევთ, როგორია ნაკრები, რა სასმელია დაწყვილებული, ფასები 50 ლარიდან 400 ლარამდე მერყეობს. გვაქვს ქვევრის ფორმის სასმისი, რომელიც თიხისაა და მასთან ერთად ნაკრების ფასი 185 ლარია.
ყველაზე დიდი მოთხოვნა რაზე გაქვთ?
ყველაზე დიდი მოთხოვნა საფერავის 0.75-იან შეფუთვაზეა; გრავირებას რაც შეეხება, ექსკლუზიურად სახელისა და გვარის დაწერას ითხოვენ.
სად იყიდება თქვენი ეტიკეტირებული და გრავირებული სასმელი, შეკვეთა როგორ ხდება?
ეტიკეტირებული სასმელი „8000 მოსავალში“ იყიდება, სასაჩუქრე გრავირებული სასმელი ონლაინ იყიდება, რადგან შინაარსიდან გამომდინარე ინდივიდუალურ შეკვეთებზეა დამოკიდებული.
სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
ერთადერთი გეგმა გვაქვს – გვინდა, მარნის როგორც სტუმრების მისაღებ სივრცედ ამუშავება, რომ უშუალო კონტაქტი გვქონდეს ჩვენს მომხმარებელთან. ადგილზე მოეწყობა დეგუსტაციები, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები და ა.შ.