ბაზარზე ბევრი მწარმოებელია და სექტორში მაღალი ხარისხის შენარჩუნება გამოწვევაა – “Kakhetian Traditional Churchkhela”

ბაზარზე ჩურჩხელის მოთხოვნა გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. ცნობადობის ზრდის ფონზე, კომპანიები ცდილობენ მომხმარებელს ტრადიციული მეთოდით დამზადებული პროდუქცია წარუდგინონ, რომელიც ქიმიურ დანამატებს არ შეიცავს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, მარიამ ქევხიშვილმა BM.GE-სთან ისაუბრა, ბაზარზე ძალიან ბევრი მწარმოებელია შესაბამისად, სექტორში მაღალი ხარისხის შენარჩუნება მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
მისი თქმით, კომპანია ცდილობს, რომ მომხმარებელს ნატურალური ყურძნის წვენისგან დამზადებული პროდუქტი შესთავაზოს. ამასთან, ბოლო ორი წელია, „კახური ტრადიციული ჩურჩხელა“ მხოლოდ ქართულ ნიგოზს იყენებს, რაც პროდუქტს კიდევ უფრო გემრიელს ხდის.
„ვცდილობთ, რომ ბაზარს ტრადიციული მეთოდით, ყურძნის ნატურალური წვენისგან დამზადებული ჩურჩხელა მივაწოდოთ. ბოლო ორი წელია, წარმოებაში მხოლოდ ქართულ ნიგოზს ვიყენებთ, რომელიც ჩურჩხელას კიდევ უფრო გემრიელს ხდის. იმის მიუხედავად, რომ ქართული ნიგოზის ფასი იმპორტირებულის ღირებულებას მნიშვნელოვნად აღემატება, წელსაც ჩვენი მიზანი ის არის, რომ ხარისხი შევინარჩუნოთ და ქართული ნიგოზი არ ჩავანაცვლოთ“,- განაცხადა ქევხიშვილმა.
ამ ეტაპზე, კომპანია სერტიფიცირების არ ქონის გამო, რომელიც მაღალი ხარჯებითაა გამოწვეული, ექსპორტზე ვერ გადის. თუმცა, გეგმები წარმოების გაზრდას ითვალისწინებს, გაყიდვების არხების გაფართოებას და აქტიურ მუშაობას ექსპორტის მიმართულებით.
ხაზგასმულია, რომ მოქმედი სარეალიზაციო არხები მხოლოდ სოციალური ქსელების და ვებსაიტების მეშვეობით ფუნქციონირებს, მაგრამ უახლოეს მომავალში პროდუქციის განთავსება სხვადასხვა ონლაინ მაღაზიებში იგეგმება. მომავალში კომპანიას აქვს ამბიცია, რომ ცნობადობა კიდევ უფრო გაზარდოს და გააფართოოს პროდუქციის სახეობები.
ინფორმაციისთვის, “კახური ტრადიციული ჩურჩხელა“ 2017 წლიდან ოპერირებს.

ასევე დაგაინტერესებთ