„ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე შესაძლოა 4 სართულიანი სავაჭრო ცენტრი აშენდეს (ფოტოები)

„ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე შესაძლოა 4 სართულიანი სავაჭრო ცენტრი აშენდეს (ფოტოები)
„ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე შესაძლოა სავაჭრო ცენტრი აშენდეს, ამ ეტაპზე ტერიტორიის მფლობელი კომპანია სს „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარო“ არქიტექტურის სამსახურთან მშენებლობის არქიტექტურულ პროექტის შეთანხმების მოლოდინშია.
„საპროექტო შენობა მდებარეობს ქ. თბილისი, თევდორე მღვდლის ქუჩა № 7, მიწის ნაკვეთის ფართობია: 11867.0 კვ.მ. საპროექტო ტერიტორიას ჩრდილო-აღმოსავლეთით, სამხრეთით-აღმოსავლეთით და სამხრეთ- აღმოსავლეთით ესაზღვრება საზოგადოებრივი სივრცე, ხოლო დანარჩენი მხრიდან ესაზღვრება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები.
პროექტის აღწერა: პროექტით გათვალისწინებულია 23.20 მ. სიმაღლის, 7 სართულიანი შენობის მშენებლობა. აქედან: 3 მიწის დონის ქვედა სართულია, 4 სართული მიწის დონის ზედაა. საპროექტო შენობის -16.80 და -13.50 ნიშნულზე განლაგებულია შემოზღუდული ავტოფარეხი. -16.80 და -13.50 ნიშნულზე განლაგებულია ტექნიკური და ელექტრო დანადგარების ოთახები; -5.00 ნიშნულზე განთავსებულია სათადარიგო ელ. მომარაგების ოთახი და სატრანსფორმატორო. -10.00, -5.00, ±0.00, +5.70 და +11.40 ნიშნულებზე განთავსებული სავაჭრო-კომერციული სივრცე საწყობით. +11.40 ნიშნულებზე განთავსებულია ადმინისტრაციის ოფისები და საგამოფენო სივრცეები. მიწისზედა პირველი სართულიდან მიწისზედა მეოთხე სართულის ჩათვლით დაგეგმილია საოფისე სივრცეების განთავსება. პირველ სართულზე განთავსებულია სავაჭრო სივრცე“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
ცნობისთვის, 2017 წელს სავაჭრო ცენტრი „ბავშვთა სამყარო“ დაიწვა. ობიექტს 1000-მდე დაზარალებული მოვაჭრე ჰყავს, მიყენებული ზარალი კი 18 მილიონ ლარზე მეტია. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით აღიძრა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე ს.ს. „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარო“-ს დირექტორი, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ამავე საზოგადოების შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი დააკავეს.
წლების წინ ტერიტორიის მფლობელი კომპანიის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ გამოძიების დასრულებამდე ყადაღა ედო „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიას, რის გამოც აქციონერები ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობას ვერ ახერხებენ. მათი თქმით, არ განიხილება ტერიტორიაზე ინვესტორის შემოყვანა. გამოძიების დასრულების შემდეგ ახალ სავაჭრო სივრცეს საკუთარი რესურსებით თავად აქციონერები მოაწყობენ.