ზუგდიდის მე-14 საბავშვო ბაღის აღმზრდელს ბავშვზე სავარაუდო ძალადობის გამო უფლებამოსილება შეუჩერეს – შემთხვევის შესახებ აცნობეს პოლიციასაც. ამაზე წერია ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის განცხადებაში.
ამ შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა სოციალურ ქსელშიც. მასში ჩანს, რომ აღმზრდელი ბავშვებს ათამაშებს – ასწავლის ბოსტნეულისა და ხილის ერთმანეთისგან განსხვავებას, რა დროსაც ერთ-ერთი აღსაზრდელი იწყებს ტირილს – სწორედ მაშინ ხდება სავარაუდო ძალადობის შემთხვევა.
„ჩვენს მთავარ მიზანს ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოში სკოლამდელი განათლების მიღება წარმოადგენს. ის კი, ვინც ამ მიზნებს ხელს უშლის, კანონის შესაბამისად უმკაცრესად უნდა დაისაჯოს“, – წერია ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს იძიებს ბავშვზე ძალადობის მუხლით. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არასრულწლოვანზე ძალადობა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა ორ წლამდე პატიმრობით.




