ყველა თუ ერთად შევდივართ ამ ბრძოლაში, ამ ბრძოლას მოვიგებთ, ამის მჯერა, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „ლელო – ძლიერი საქართველო“ მზად არის განიხილოს არჩევნების ბოიკოტის საკითხი, თუმცა ერთიანობისთვის პირობებს არავინ უნდა აყენებდეს.
„ვფიქრობთ, ერთიანობა არის მთავარი მისაღწევი, იქნება ეს არჩევნებში მონაწილეობა თუ არმონაწილეობა. ეს გადაწყვეტილება ერთიანი უნდა იყოს და უნდა გულისხმობდეს ძალიან მკაფიო, გაწერილ გეგმას, რას აკეთებ მანამდე, მერე და ა.შ. მზად ვარ განვიხილო, მათ შორის ბოიკოტი, ოღონდ ეს უნდა იყოს არა იმის გამო, რომ მე ასე ვთქვი და შენ უნდა გააკეთო, არამედ შენ უნდა დამარწმუნო, რომ ეს სწორი გზა არის. ერთიანობა თუ გვინდა, ჩვენ წინასწარ პირობები არ უნდა დავაყენოთ“, -განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, ვინც ოპოზიციაში მოლაპარაკებაზე არ წამოვა, ეს იქნება ძალიან მკაფიო მაჩვენებელი იმისა, რომ მას ერთიანობა არ სურს.
როგორც მან აღნიშნა, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ამოცანა არის არა საზოგადოების გაყოფა, არამედ გამთლიანება.
ამასთან, ბადრი ჯაფარიძის განმარტებით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი საშუალება არის ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და ე.წ. სინდისის პატიმრების გათავისუფლება.
თვითიმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საუბრისას მან განაცხადა, რომ ოპოზიციონერმა კოლგებემა ბოიკოტის შესახებ მათთან შეჯერების გარეშე გამოაცხადეს, ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ერთიანობა მხოლოდ მსჯელობის შედეგად მიიღწევა.
„სამწუხაროდ, ჩვენმა კოლეგებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ბოიკოტი ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო ისე, რომ ამ პოზიციაზე ჩვენთან შეჯერებული არ ყოფილან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ როდესაც აუცილებელია საზოგადოების მთლიანობა, ეს მთლიანობა უნდა იქნეს მიღწეული მსჯელობის, ურთიერთკომპრომისის საფუძველზე და არა ისე, რომ ერთმა მხარემ თქვას- ეს არის ჭეშმარიტება, მე ვფლობ ჭეშმარიტებას და ყველა ამ პოზიციას უნდა დაეთანხმოს, ეს სასარგებლო არ არის“,-განაცხადა ჯაფარიძემ.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციამ ბრძოლის არცერთ საშუალებაზე უარი არ უნდა თქვას, რადგან ეს ხელისუფლებას ასუსტებს.
„მე თუ მკითხავთ, ბოიკოტი არის გაცილებით უფრო კომფორტული, ვიდრე ამ ბრძოლაში შესვლა. ამ ბრძოლაში შესვლა არის გამოსვლა კომფორტის ზონიდან, შესკდომა ხელისუფლებასთან, მაგრამ წარსული გვაჩვენებს, რომ თუნდაც უთანასწორო ბრძოლა არის ბევრად უკეთესი, ვიდრე კაპიტულაცია“,-განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია, პოლიტიკური ოპონენტები ბრძოლის ველიდან გააქროს და ამიტომ აკავებს.
„ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურა ჯაფარიძის დაპატიმრება, ხვალ და ზეგ ვის დააპატიმრებენ, არავინ იცის, ეს რას ემსახურება? ემსახურება იმას, რომ ხელები ჩამოყარო. ემსახურება იმას რომ თქვა: ბრძოლიდან არაფერი გამოვა. ივანიშვილის თამაში არის ის, რომ ჩვენ პოლიტიკური ველიდან გავქრეთ. პოლიტიკა ქუჩაში გადმოსულია 6 თვეა. სამწუხაროდ, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ქუჩაში სიარულს ვერ ახერხებს, ამ ადამიანებს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ თავისი პროტესტი გამოხატონ? შეიძლება მას უნდა თავისი პროტესტი საარჩევნო ყუთთან გამოხატოს, რაც არ უნდა უსამართლო პირობები იყოს“,-განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი შეფასებით, ოპოზიციის ლიდერების დაკავება „ქართული ოცნების“ შიშისგან არის განპირობებული.
„ეს არ არის იმ ხელისუფლების ქცევა, რომელიც თავს მყარად გრძნობს, თავის თავში დარწმუნებულია და ახლა სჭირდება, რომ ფორმალურად გაიფორმოს ხელისუფლება. არა, ეს არის შეყანყალებული, შეშინებული ხელისუფლება, რომელიც ფიქრობს, რომ ახლა იმდენად გეშინია, უნდა გააუქმოს ეროვნული პოლიტიკური, პროდასავლური პარტიები. გაუქმებაზე ფიქრობს და არა არჩევნებში მათ მონაწილეობაზე. თუ ადამიანი გაუქმებას გიპირებს, ანუ, შენ უნდა შეუწყო ხელი გაუქმებაში. როდესაც პასიურობით ეთანხმები შენს გაუქმებას, ეს არის მისთვის ხელშეწყობა. ეს ხელს შეუწყობს ბიძინას მიერ ამ მუნიციპალური არჩევნების თავის სასარგებლოდ გამოყენებას“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
