არსად გავქცეულვარ, არც ხვალ ვაპირებ გაქცევას და ვაპირებ ბრძოლას კანონის უზენაესობისთვის,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, რვა ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ აღძრულ ახალ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე განაცხადა.
„მოვისმინე პროკურორის წაკითხული ბრალი. დავინახე, რომ გამორჩეულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. როდესაც რევოლუციის მოწოდებასთან არის საუბარი ჩემ მიმართ, ეს არის აბსურდი. თურმე მე ვაორგანიზებდი რაციებით. შეხება არ მქონია არანაირ რაციასთან. მსგავსი მტკიცებულება არ არსებობს.
ძალიან ვამაყობ, რომ დამოუკიდებლობის აღიარებაში წვლილი მაქვს შეტანილი. მე ვერ დამაჯერებთ იმას, რომ გჯერათ იმის, რასაც კითხულობთ.
50 ათას ლარიანი გირაო იყო შეფარდებული ერთპარტიულ კომისიაში არ გამოცხადების გამო. ვიყავი ლონდონში. ვიცოდი, რომ განაჩენი ორშაბათს გამოცხადდებოდა, ამიტომ ჩამოვედი თბილისში, 50 ათასი ლარის პირობებში. მაშინ არასად გავქცეულვარ, არც ხვალ ვაპირებ გაქცევას და ვაპირებ ბრძოლას კანონის უზენაესობისთვის“, – განაცხადა ჯაფარიძემ.




