35 წელია, აქტიურად ვმონაწილეობ მანიფესტაციებში და ვერ ვიხსენებ ასეთ უწყვეტ, თვითორგანიზებულ მანიფესტაციებს. ის ხალხი ვნახე ქუჩებში, რომლებიც ადრე ასეთ აქციებში არ იღებდნენ მონაწილეობას, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, დემონსტრაციებში მონაწილე ადამიანებმა საკუთარი ოჯახებისა და ქვეყნის მიმართ ევროპული მომავლის დაკარგვის საფრთხე დაინახეს.
“ეს პროტესტი უდიდეს საქმეს ასრულებს უკვე და შეასრულა, აჩვენა მთელს ცივილიზებულ სამყაროს, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება ავტოკრატიას და არ შეეგუება ევროპული მომავლის დაკარგვას. ამ თვითორგანიზებულმა მანიფესტაციებმა უკვე დიდი როლი შეასრულა ამ ქვეყნისთვის და მისი თავისუფლებისთვის. 35 წელია, აქტიურად ვმონაწილეობ მანიფესტაციებში და ვერ ვიხსენებ ასეთ უწყვეტ, თვითორგანიზებულ მანიფესტაციებს. ის ხალხი ვნახე ქუჩებში, რომლებიც ადრე ასეთ აქციებში არ იღებდნენ მონაწილეობას. ახლა ამ ხალხმა დაინახა პირდაპირი საფრთხე მათი ოჯახებისთვის, მათი ქვეყნისთვის, რომ ისინი დაკარგავენ ქვეყანას და მის ევროპულ მომავალს, ამიტომ ეს ხალხი ივლის მანიფესტაციებზე მანამ, სანამ არ მოხდება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და ამ კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ოპოზიციურმა ლიდერმა ისაუბრა ასევე საჯარო მოხელეების პროტესტზე.
მისი შეფასებით, ამ ადამიანებისთვის ქვეყნის მომავალი გაცილებით უფრო დიდი ღირებულებას, ვიდრე ის, რაც შეიძლება “ქართულმა ოცნებამ” მათ მიმართ სადამსჯელო ღონისძიების სახით გაატაროს.
“მე ვამაყობ ამ ადამიანებით მოხელეებით, ისინი არიან ქვეყნის პატრიოტები. ჩვენი საჯარო სექტორი სავსეა კვალიფიციური, პატრიოტი ადამიანებით, რომლებიც არ ერიდებიან იმ საფრთხეს, რომ შეიძლება მათ დაკარგონ სამსახური იმის გამო, რომ თავისუფლად გამოხატავენ პროტესტს ამ ძალადობის მიმართ, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს, თავისუფლად გამოხატავენ პროტესტს ევროპული მომავლის დაკარგვის მიმართ და ჩვენ მხოლოდ უნდა ვიამაყოთ ამ ადამიანებით, რომლებიც ამ ქვეყანას ემსახურებიან, არ აპირებენ, შეეგუონ ავტოკრატიას და ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დაკარგვას.
პატრიოტ და თავისუფლების მოყვარე საჯარო მოხელეებს ვერანაირი დასჯა ვერ გააჩერებს იმიტომ, რომ მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი, ვიდრე კონკრეტული სამუშაო ადგილი, რომელიც შეიძლება დააკარგვინოს “ქართულმა ოცნებამ”. ქვეყნის მომავალი არის გაცილებით უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე ის, რაც შეიძლება ახლა “ქართულმა ოცნებამ” სადამსჯელო ღონისძიების სახით გაატაროს. რაც უფრო მეტ მსგავს სადამსჯელო, რეპრესიულ ზომას გამოიყენებს “ქართული ოცნება” თავისუფალი ხალხის წინააღმდეგ, მით უფრო მეტი იქნება პროტესტი, მით უფრო მეტი საჯარო მოხელე დაუპირისპირდება ძალადობას და ჩვენი ქვეყნის მიმართ “ქართული ოცნების” მიერ განხორციელებულ მავნებლურ ქმედებებს”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.