ბადრი ჯაფარიძე – პრეზიდენტის ინიციატივა უპირისპირდება „ქართული ოცნების“ მცდელობას, გახლიჩოს საზოგადოება, დააპირისპიროს ადამიანები – ჩვენ ამას გაერთიანებისკენ ნაბიჯები უნდა დავუპირისპიროთ

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ევროკავშირის ცხრავე რეკომენდაციაზე „ლელოს“ თავისი ხედვა აქვს და მზად არიან აღნიშნული ხედვა გაუზიარონ პრეზიდენტის მიერ შექმნილ ფორმატში ჩართულ პარტნიორებსა და პოლიტიკოსებს. აღნიშნულის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადა, სადაც „ლელოს“ ლიდერები პრეზიდენტის ინიციატივაზე – შეიქმნას “ერთობის პლატფორმა ევროპისთვის” სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.
„პრეზიდენტთან შეხვედრა იყო მის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც მან პარლამენტში გააჟღერა. ეს ინიციატივა ემსახურება იმას, რომ მოხდეს გაერთიანება პროევროპული ე.ი.პროქართული ძალების ქვეყნის ძირითადი მიზნის ირგვლივ. ეს მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანამ, რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს იმას, რომ სწრაფად დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება ევროკავშირთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, სწორედ ის ინიციატივაა, რომელიც უპირისპირდება „ქართული ოცნების“ მცდელობას, გახლიჩოს საზოგადოება, დააპირისპიროს ადამიანები ერთმანეთთან. ჩვენ ამას გაერთიანებისკენ ნაბიჯები უნდა დავუპირისპიროთ.
ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რომ სწორედ ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის ირგვლივ პოლიტიკურმა პარტიებმა მაქსიმალური წვლილის შეტანა შევძლოთ იმაში, რომ ქვეყანა იყოს მზად, ევროკავშირის მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია განახორციელოს იმისთვის, რომ მოლაპარაკებები დავიწყოთ გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამასთან მიმართებაში უნდა ითქვას, რომ „ლელოს“ მზად აქვს ცხრავე რეკომენდაციაზე მისი ხედვა, რომელსაც სიამოვნებით გავუზიარებთ პრეზიდენტის მიერ შექმნილ ფორმატში მომუშავე პარტნიორებს, კოლეგებს, პოლიტიკოსებს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტ ს განცხადებით, ქვეყანას სჭირდება ერთობა, რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მზად არის ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში პასუხისმგებლობა აიღოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას. „ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი – გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ