ბადრი ჯაფარიძე – მომზადდა ანგარიში, რომელიც არჩევნებზე სისტემურ დარღვევებს აღწერს და ის ბრიუსელში გასაგზავნად ელჩ ჰერჩინსკის გადაეცემა – ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის ვითარების ძალიან აქტიური განხილვა მიმდინარეობს

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ევროპელ მეგობრებს მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, რა მტკიცებულებები შევაგროვეთ. ანგარიში მზად არის, ის ელჩ ჰერჩინსკის გადაეცემა, რომ ეს ანგარიში ბრიუსელში გადააგზავნოს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, სთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ევროკავშირში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს იმ ვითარების განხილვა, რომელიც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს შეეხება.
„ეს შეხვედრა ძალიან ინფორმატიული, სასარგებლო და აუცილებელი იყო. 2 საათის განმავლობაში ჩვენ ელჩთან ერთად განვიხილეთ ის ვითარება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა, ის სამუშაო, რომელიც ოპოზიციამ გასწია, ის გეგმები, რომელიც ოპოზიციას გააჩნია, ის მხარდაჭერა, რომელსაც ქართველი ხალხი ამ ისტორიულ მომენტში ევროკავშირის მხრიდან საჭიროებს. რა თქმა უნდა, დეტალებზე საჯაროდ საუბრის უფლება არ მაქვს. მთავარი ისაა, რომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, ძალიან აქტიური განხილვა მიმდინარეობს ევროკავშირში იმ ვითარების, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა, იმ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ იქნა მიტაცებული. ეს განხილვა არის მუდმივი. ჩვენ 3 ქვეყნის ლიდერის უმნიშვნელოვანესი განცხადება ვნახეთ, ეს იყო გერმანიის, საფრანგეთის და პოლონეთის ლიდერების განცხადება, ჩვენ ვნახავთ კიდევ უფრო მნიშვნელოვან განხილვებს უახლოეს კვირაში. ასე რომ, მნიშვნელოვანია, ჩვენს ევროპელ მეგობრებს მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, რა მტკიცებულებები შევაგროვეთ. ეს დაიწერება. ანგარიში მზად არის, ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს გადაეცემა, ელჩ ჰერჩინსკის, რომ მან ეს ანგარიში ბრიუსელში გადააგზავნოს. ასე რომ, ეს შეხვედრა ძალიან სასარგებლო, ძალიან პროდუქტიული იყო. ჩვენ რა თქმა უნდა, კომუნიკაციას გავაგრძელებთ ჩვენი ხალხის ერთგულ მეგობარ ევროკავშირთან.
ეს ანგარიში 4 კოალიციის ჩართულობით მომზადებული და შეჯერებულია, რომელიც სისტემურ დარღვევებს და მათ აღწერას მოიცავს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ეგიდით აქ მისია იყოს მოვლენილი, რომელიც პირუთვნელად შეაფასებს ამ დარღვევებს, რომელიც მოხდა, შეაფასებს პროცესს, რამდენად შეესაბამება იმ ვალდებულებას, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი ს ჩატარებასთან დაკავშირებით იყო აღებული, საერთოდ, არც კი უზრუნია „ქართულ ოცნებას“ ეს ვალდებულება შესრულებულიყო და არჩევნების პროცესი მთლიანად მიიტაცა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ევროკავშირის შესაბამისი მისია იყოს მოვლენილი, რომელიც ამ არჩევნებს, მომხდარ უმსგავსობებს შეაფასებს, რომელიც ყველამ ვიხილეთ და ეს შეფასება გადამწყვეტი იქნება შემდეგი ნაბიჯებისთვის. ჩვენ ვსაუბრობთ დამოუკიდებელ გამოძიებაზე, ქურდი არასდროს გამოიძიებს თავის დანაშაულს, ამიტომ ჩვენ ვითანამშრომლებთ იმ მისიასთან, რომელიც დამოუკიდებელი იქნება და „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებადი არ იქნება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ოპოზიციური კოალიციების ლიდერები საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ.
შეხვედრას „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსთვის“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დაესწრნენ.
დიპლომატთან შეხვედრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს შეეხებოდა.