ევროპარლამენტის რეზოლუცია გულისხმობს მთელი რიგი ნაბიჯების გადადგმას იმ შემთხვევაში, თუკი ქართველი ხალხის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. თუ “ქართულმა ოცნებამ” გააგრძელა ყველა ის უმსგავსობა, რასაც სჩადის, მაშინ ევროპარლამენტი პირდაპირ რეკომენდაციას უწევს უფრო დრამატული ნაბიჯების გადადგმისკენ , – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, თუ ქვეყანაში პროცესი უკონტროლო გახდა, ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს ყველასთვის.
“ქართული ოცნება” თავისი ანტიეროვნული, ანტიევროპული ნაბიჯებით იწვევს ევროპულ საზოგადოებას, ევროკავშირს საპასუხო მოქმედებებისკენ. ჩვენ ვნახეთ არა მხოლოდ პირდაპირი თავდასხმები ევროპარლამენტის წევრებზე, არამედ პირდაპირ განცხადება დე ფაქტო პრემიერ – მინისტრის, განცხადებების მთელი კასკადი, რომელიც ლანძღავს მათ. ასეთ განცხადებებს რომ მოისმენს ევროპარლამენტარი, რა განწყობაზე იქნება ან რა გადაწყვეტილებების მიღების მოთხოვნილება გაუჩნდება? “ქართულმა ოცნებამ” ძალიან კარგად იცის, რასაც აკეთებს – ეს არის მიზანდასახული მტრობა საკუთარი ქვეყნის ინტერესების.
რეზოლუცია, რომელსაც მე გავეცანი, გულისხმობს მთელი რიგი ნაბიჯების გადადგმას იმ შემთხვევაში, თუ კი ქართველი ხალხის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ეს ზომები, რაც ჩამოთვლილია, პირდაპირ დაკავშირებულია ქართველი ხალხის მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან. თუ “ქართულმა ოცნებამ” გააგრძელა ძალადობა, ადამიანების დატყვევება, ის ყველა უმსგავსობა, რასაც სჩადის, მაშინ ევროპარლამენტი, როგორც ჩანს, პირდაპირ რეკომენდაციას უწევს უფრო დრამატული ნაბიჯების გადადგმისკენ.
მე არ მინდა, არც ერთი ისეთი სანქცია იყოს გამოყენებული, რომელიც ხალხზე აისახება, არ უნდა მივიდეს აქამდე. თუ პროცესი უკონტროლო გახდა, ის გამოიწვევს ძალიან მძიმე შედეგებს ყველასთვის”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის თქმით, “ქართული ოცნების” განცხადებები, თითქოს ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას ითხოვენ, არის ტყუილი.
მისივე განმარტებით, არავის სურს ამ ქვეყანაში აპოკალიფსური სცენარის განვითარება.
“ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას არავინ ითხოვს, ტყუილია ეს. ეს არის “ქართული ოცნების” პროპაგანდა. ჩვენ ვითხოვთ ახალი არჩევნების ჩანიშვნას. ჩვენ იმიტომ ვართ ჩვენს თანამოქალაქეებთან ქუჩაში, რომ ეს არ დადგეს, ვიბრძვით იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, “ქართული ოცნება” კი აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ეს მოხდეს, აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ დავკარგოთ ყველა სიკეთე.
არავის სურს ამ ქვეყანაში აპოკალიფსური სცენარის განვითარება, არც ერთ ჩვენს პარტნიორს. ყველას სურს, რომ “ქართული ოცნება” იძულებული გახდეს, დაყვეს ქართველი ხალხის ნებას, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები და ამის ლობირება ხდება”, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ასევე შეეხო გიორგი გახარიას პარტიის მხრიდან მანდატების არდატოვების საკითხსაც და აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია, ყოფილი პრემიერის გუნდიდან არავინ შევა პარლამენტში, თუმცა, თუ ეს დოკუმენტურად გაფორმდება, პარლამენტი დე-ფაქტო სტატუსთან ერთად, ქმედითუუნაროც გახდება.
“არავის ეჭვი არ გვაქვს, რომ გახარიას პარტიიდან პარლამენტში ვინმე აპირებს შესვლას, მაგრამ ისინი დოკუმენტურად რჩებიან პარლამენტის წევრებად. დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი პოლიტიკური კონსტიტუციური კრიზისის, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, არის ის, რომ დღეს 89 წევრი არის არალეგიტიმურ პარლამენტში და კონსტიტუციით არის განსაზღვრული ის ოდენობები პარლამენტის წევრების, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რომ პარლამენტი იყოს ქმედითუნარიანი. კონსტიტუციაში წერია, რომ პარლამენტი არის ქმედუნარიანი იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრთა 2/3-ის უფლებამოსილება არის ცნობილი. დღეს ჩვენ იქ ქაღალდზე, გახარიას პარტიის ჩათვლით, გვყავს 101 ადამიანი. ამას იყენებს “ქართული ოცნება”, რომ თქვას, თითქოს მათ პარლამენტში 100-ზე მეტი წევრი ჰყავს. სინამდვილეში, არ აპირებს გახარიას ხალხი შესვლას იქ, მაგრამ ქაღალდზე ისინი არსებობენ, შესაბამისად, “ქართული ოცნება” ამას იყენებს, რომ ის არგუმენტიც არ დადგეს, რომ ეს არალეგიტიმური პარლამენტი არის ქმედითუუნაროც, ყველაფერთან ერთად. ეს ქმედითუუნარობა დგება მაშინ, როცა ქაღალდზეც დარჩება 89, ანუ არა მხოლოდ დე ფაქტო იქნება, ქაღალდზეც გაფორმდება. დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები არ აპირებენ პარლამენტში შესვლას ამ პარლამენტში, მაგრამ ვალდებული ვარ ვთქვა, რომ არალეგიტიმური პარლამენტის ქმედითუუნარობა დადგება იმ შემთხვევაში, თუ კი ქაღალდზეც დარჩება 89 – ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/nodiko-2022-03-29_12-55-39_067445-300x168.jpg)