თუკი შეიძლება სასამართლოში გვატარონ იმის გამო, რომ ვითომ გაუგებარი კომისიის მიწვევაზე არ მივედით, რით არის პრივილეგირებული თეა წულუკიანი, რომელიც იგივე სასამართლოში არ უნდა მოვიდეს?! – ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ სასამართლოში სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, თეა წულუკიანი სასამართლოს მიერ უნდა დაიკითხოს.
„რა თქმა უნდა, თეა წულუკიანი უნდა დაიკითხოს. ეს ნიშნავს სრულიად იგნორირებას იგივე პროკურორების მხრიდან. ყველას თანაბარი უფლებები გვაქვს, ხო? – თუკი შეიძლება ჩვენ სასამართლოში გვატარონ იმის გამო, რომ ვითომ გაუგებარი კომისიის მიწვევაზე არ მივედით, რით არის პრივილეგირებული თეა წულუკიანი, რომელიც იგივე სასამართლოში არ უნდა მოვიდეს?! ამით ისინი ხაზს უსვამენ, რომ „ქართულ ოცნებას” სასამართლოში სიარული მოწმეებად არ ეკადრება, ხოლო ოპოზიცია ასე უნდა ატარონ და ოპოზიციის მიმართ პოლიტიკური დევნა უნდა მიმდინარეობდეს”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა.
აღნიშნულის შემდეგ მას ბრალი წაუყენეს, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.
ბადრი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
