ბადრი ჯაფარიძე – ეს არ იყო მარტო ხელის ჩამორთმევა, ვფიქრობ, ძალიან ახლოს ვართ, რომ „მოქალაქეები“ ჩვენი კოალიციის სრულუფლებიანი წევრი გახდეს – რაც შეეხება გახარიას, ჩვენს ინტერესშია, მათ წარმატებას მიაღწიონ

ეს არ იყო მარტო ხელის ჩამორთმევა – პარტია „მოქალაქეებთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად წარმატებით დასრულდება, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.
მისი თქმით, პარტია „მოქალაქეებთან“ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებისათვის აუცილებელია, კოალიციის ყველა წევრმა მიიღოს გადაწყვეტილება.
„მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს. პირველი ნაბიჯი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ალეკომ და მამუკამ ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და ამით მაგალითი მისცეს, რომ პოლიტიკოსებმა საზოგადოებისთვის მისაბაძი ნაბიჯები უნდა გადადგან და აჩვენონ, შერიგების, ურთიერთპატიების, მიტევების მაგალითი, გაერთიანების მაგალითი. ამ მხრივ, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რაც მამუკამ და ალეკომ გააკეთეს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს პარტია „მოქალაქეებთან“ და ამის შედეგები გაცხადდება. იმედია, რომ წარმატებით დასრულდება, თუმცა ვფიქრობ, რომ აუცილებლად წარმატებით დასრულდება. მათ შორის ახალ კოალიციასაც თავისი წესი აქვს, კოალიციის ყველა წევრმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ახალი წევრის მიღებასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ახლოს ვართ იმასთან, რომ „მოქალაქეები“ გახდნენ ჩვენი კოალიციის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ამ ნაბიჯთან, მაგრამ მოლაპარაკებები უნდა დასრულდეს ფორმალურად. დიდი ალბათობით მოლაპარაკებები არ ჩაიშლება და გაერთიანება შედგება“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის მტკიცებით, მამუკა ხაზარაძისა და ს ხელის ჩამორთმევას საზოგადოების მხრიდან წარმოუდგენლად პოზიტიური რეაქცია მოჰყვა.
„ძალისხმევის გაერთიანება ბევრად მეტს მოიტანს, ვიდრე ცალ-ცალკე თითოეული ჩვენგანი. ამიტომაც შევქმენით ეს კოალიცია. მე შემიძლია გითხრათ, რომ უპრეცედენტო რეაქციაა საზოგადოებიდან, როდესაც ადამიანებმა ნახეს მამუკა ხაზარაძისა და ალეკო ელისაშვილის ხელის ჩამორთმევა. მე არ ველოდი ასეთ პოზიტიურ რეაქციას, წარმოუდგენლად პოზიტიური რეაქცია დაგვხვდა ყველგან. ე.ი. სწორ გზაზე ვართ, სწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ. საზოგადოებას რაც სურს, ის შევძელით გაგვეკეთებინა.
ახლა ოპოზიციურ ფლანგზე ამ წუთას სამი ცენტრია. მე ვფიქრობ, ეს ამომრჩევლისთვის კარგი შეთავაზებაა. მე ვფიქრობ, რომ ამ ცენტრებისთვის 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არ დგას. რაც შეეხება გახარიას პარტიას, მე ვისურვებდი, რომ მათ არანაირი რისკი არ დაიტოვონ იმისა, რომ ვერ გადალახონ 5%-იანი ბარიერი. ჩვენს ინტერესშია, რომ მათ მიაღწიონ წარმატებას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპული საბჭო – საქართველოს მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს – მოველით, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი