ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩეულმა პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს „ადრე თუ გვიან მოუწევს იმ რეალობის მიღება, რომელშიც ვიმყოფებით”.
„რაც შეეხება საქართველოს, რა თქმა უნდა, ურთიერთქმედების საკითხები და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოწესრიგების საკითხები შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ საქართველოს მიერ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარების, ასევე ძალის გამოუყენებლობის შესახებ ფუნდამენტური დოკუმენტების ხელმოწერის პირობებში. და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო ნამდვილად მზად არის ასეთი ნაბიჯების გადასადგმელად. ადრე თუ გვიან, ჩვენს მეზობლებს მოუწევთ გაიგონ და მიიღონ ის რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით“, – განაცხადა მან.
ბადრა გუნბა, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ, მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდა.
„ჩვენ აღიარებული ვართ რუსეთის ფედერაციის მიერ, რისთვისაც მადლობლები ვართ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინის, დმიტრი ანატოლიევიჩ მედვედევისა და, რასაკვირველია, რუსი ხალხის, ვინც ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ჩვენ ყოველთვის თბილი ურთიერთობები გვქონდა რუსეთის სახელმწიფოსთან, რუს ხალხთან, ჩვენ ისტორიული, კულტურული კავშირები გვაკავშირებს, და ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავსი მჭიდრო ურთიერთქმედების შენარჩუნება და ჩვენი სახელმწიფოებრიობის შემდგომი აღიარების საკითხი ასევე შეიძლება გადაწყდეს რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, რადგან სწორედ რუსეთი გვიწევს მხარდაჭერას აფხაზეთის აღიარების გაფართოების საკითხებში, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვართ“, – განაცხადა გუნბამ „ტასთან“ ინტერვიუში.
მან რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პერსპექტივის შესახებ შეკითხვასაც უპასუხა. მისი სიტყვებით, „არსებული სახით“ ის არ მიიღება.
„თუ საზოგადოება ამბობს, რომ ჩვენ ასეთი შეთანხმება არ გვჭირდება, ჩემთვის, როგორც პასუხისმგებელი პირისთვის, აუცილებელია ყური ვუგდო ჩვენი ხალხის აზრს. ჩემს რუს კოლეგებთან გამოვედი ინიციატივით, არ მივიღოთ ასეთი სახის გადაწყვეტილება ამ ფორმით და ჩვენი რუსი კოლეგები გაგებით მოეკიდნენ ამ საკითხს და საინვესტიციო შეთანხმება ამ სახით, დანამდვილებით, აღარ იქნება“, – თქვა გუნბამ.
ამ დოკუმენტის განხილვას გასული წლის ნოემბერში ოკუპირებულ აფხაზეთში მასობრივი არეულობა და ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომა მოჰყვა.
