„ბადიში“ გაფართოებისთვის ინვესტორს ეძებს

კომპანია “ბადიში” გაფართოებისთვის ინვესტორს ეძებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი ჩხაიძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა, პროდუქციაზე მოთხოვნის გაზრდამ წარმოების გაფართოების საჭიროება გამოიწვია.
გიორგი ჩხაიძის თქმით, კომპანიას საწარმოს აშენება და წარმადობის გაზრდა სურს.
“ჩვენ ამ ეტაპზე ადგილობრივ ქსელურ მარკეტებში ვფართოვდებით. მაგალითად, ჩვენი პროდუქცია უკვე დაგხვდებათ “წერტის” ფილიალებში. ასევე, “ვეი მარკეტთან” მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ექსპორტზე გასვლა რთულია. იმისთვის, რომ მოთხოვნა დააკმაყოფილო საწარმო და შესაბამისი წარმადობაა საჭირო. ამჟამად, წელიწადში 20 000-მდე ქილას ვაწარმოებთ. თუ ინვესტორი არ გამოჩნდა ექსპორტზე ვერ გავიტანთ. გვჭირდება ინვესტორი და თან პარტნიორი, რომელიც დაგვეხმარება განვითარებაშიც. გაფართოებისთვის საჭირო ინვესტიცია 300 000 ლარი იქნება. განვიხილავთ როგორც უცხოელ, ისე ქართველ ინვესტორს”, – აცხადებს გიორგი ჩხაიძე.
კომპანია „ბადიში“ საოჯახო ბიზნესია, რომელიც გურიაში მდებარეობს და ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა. კომპანია კერძებისთვის 5 სახეობის პროდუქტს, მათ შორის, 2 აჯიკას, სუნელს, კეტჩუპსა და ღოღნაშოს საწებელს აწარმოებს. შეგახსენებთ, „ბადიში“ “პირველი არხის” სატელევიზიო შოუ “შარქ თენქ საქართველოს” მონაწილეცაა.
bp.ge

ასევე დაგაინტერესებთ