“ბაგრატსა და ნიკორწმინდაში სახურავიდან წყალი ჟონავს. სვეტიცხოველში ფრესკები თეთრდება…” – კულტურული ძეგლების გასაჭირი

“ჩვენს ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ ყველასთვის მნიშვნელოვან კულტურულ ძეგლებს ძალიან დიდი გასაჭირი აქვთ”,- თქვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა, თეა ონიანმა პარლამენტში, კულტურის კომიტეტის სხდომაზე.
მისივე მტკიცებით, ძეგლებზე პრობლემები აქამდე ხარვეზით ჩატარებულმა სარეაბილიტაციო სამუშაოებმა შექმნა.
“რომელი ერთი ჩამოვთვალო: იქნება ეს სვეტიცხოველი, ბაგრატი, ნიკორწმინდა, ფიტარეთი, ყინწვისი, შემოქმედი, ცაიში, წალენჯიხა, ატენის სიონი… პრობლემები წინა წლებში ხარვეზით ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოებითაა გამოწვეული. ბაგრატსა და ნიკორწმინდაში სახურავიდან წყალი ჟონავს და კედლები სველდება. სპილენძის ჩამონაჟონი ამწვანებს და შემდეგ აშავებს საპირე წყობის ქვებს, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. ბუნებრივია, ამ პრობლემას აუცილებლად სჭირდება გადაჭრა. არ ვუშინდებით ნამდვილად, მაგრამ როგორც წესი ძეგლებს სიჩქარე არ უხდება და გელათისა და ბაგრატის მაგალითმა ამაში ნათლად დაგვარწმუნა. ასეთი საეტაპო ძეგლები თუ სრულყოფილად არ შეისწავლეს და გამოიკვლიეს, მათზე რაიმე სამუშაოების დაწყება ხშირ შემთხვევაში გამოუსწორებელ შეცდომებამდე მიგვიყვანს, რის წინაშეც დღეს ვდგავართ. ძეგლები იმის გამო ფუჭდება, რომ ან სახურავი არის არასწორად მოწყობილი ან მასალა არასწორად არის შერჩეული. ამ ყველაფერს ხანგრძლივი, სკრუპულოზური კვლევა სჭირდება. ჩვენი უპირველესი ამოცანაა, რომ ასეთი ტიპის – გამორჩეულ, პირველი კატეგორიის ძეგლებს მივხედოთ”, – ამბობს თეა ონიანი და ამატებს, რომ პრობლემებია ძეგლის მხატვრობასთან მიმართებითაც.
“ყველა საეტაპო ძეგლზე როგორიცაა ყინწვისი, გელათი, ცაიში, შემოქმედი, ფაქტობრივად ფრესკები ცვივა. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ ტაძრებზე დავგეგმოთ სამუშაოები. გავარკვიოთ რაც ფრესკებს უქმნის საფრთხეს, რის გამოა ეს გამოწვეული. ან სახურავიდან ჩადის წყალი ან კაპილარული აწოვის შედეგად მიწიდან ხდება ამ ტაძრების დანესტიანება. პირველ რიგში, უნდა აღმოვფხვრათ ეს პრობლემები, რაც ფრესკებს უქმნის საფრთხეს და შემდეგ უკვე დავიწყოთ ფრესკების გადარჩენითი საკონსერვაციო სამუშაოები. აქაც ვაწყდებით უზარმაზარ პრობლემას, იმიტომ, რომ ფრესკები საჭიროებს მულტიდისციპლინურ კვლევებს.
გელათის მაგალითმა ნათლად გვაჩვენა თუ რამდენი სპეციალისტი უნდა იყოს ჩართული და რა პროფესიის სპეციალისტები, რომ ზუსტად დავსვათ დიაგნოზი, რა სჭირს კედლის მხატვრობას. საჭიროა ბიოლოგები, მიკრობიოლოგები, კლიმატოლოგები, მინერალოგები, რომლებიც დეტალურად სწავლობენ ფრესკების ბიოლოგიური დაზიანების გამომწვევ მიზეზებს. ერთი მიზეზი შეიძლება იყოს კლიმატური პირობები, მეორე ბიოლოგია. ჩვენ არ გვაქვს ლაბორატორია ქვეყანაში, რომელიც ზუსტი დიაგნოზის დასმის შესაძლებლობას მოგვცემს.
ჩატარებულმა სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გვაჩვენა, რომ სვეტიცხოველში ფრესკები თეთრდება, ყინწვისში ვარდისფერია. ფაქტია, რომ რაღაც ისე ვერ გაკეთდა, როგორც უნდა გაკეთებულიყო. ამიტომ, რომ არ გავაფუჭოთ ის რაც გვაქვს, აუცილებელია, რომ მხოლოდ და მხოლოდ, დეტალური კვლევების საფუძველზე დავიწყოთ ასეთი ძეგლების რეაბილიტაცია”, – ამბობს თეა ონიანი.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის თქმით, უკვე იგეგმება არსებული პრობლემების გადასაწყვეტად უცხოელ ექსპერტებთან მუშაობა. ისინი ქართველ სპეციალისტებთან ერთად საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე პრობლემებს დაამუშავებენ, არსებულ პროექტებს განიხილავენ და მიგვითითებენ, არის თუ არა საჭირო ახალი პროექტების მომზადება, რა ხარვეზებია ამ პროექტებში.