ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა საზოგადოებას შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა საზოგადოებას შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა გურამ ოქროპირიძემ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე ესწრებოდა.
წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გურამ ოქროპირიძემ ისაუბრა დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ინსტიტუციური განვითარების მიზნით განხორციელებულ სამუშაოებზე, ბაღების ავტორიზაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებაზე.
მისი თქმით, 2025 წელს თბილისში ორი ახალი საბავშვო ბაღის შენობა გაიხსნა, სადაც 1000-მდე აღსაზრდელი იღებს სკოლამდელ განათლებას; გრძელდება ხუთი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელთა ნაწილი 2026 წელს ეტაპობრივად შევა ექსპლუატაციაში; მიმდინარეობს სამი საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობების სრული რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია და ასევე დაწყებულია სამზადისი ახალი სამშენებლო პროექტების განხორციელებისათვის 2026 წელს.
„საინტერესო წელი იყო სააგენტოსთვის, რადგან დასრულდა ორი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, დავიწყეთ ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა, რაც ითვალისწინებს ბავშვთა და პერსონალის აღრიცხვის ელექტრონულ ფორმაზე გადასვლას, საშუალოდ 25%-ით გაიზარდა ბაგა-ბაღების პერსონალის სახელფასო ანაზღაურება, გაიზარდა საზაფხულო ბაღების რაოდენობა და განხორციელდა არაერთი საინტერესო პროექტი პარტნიორ ორგანიზაციებთან, როგორც პერსონალის პროფესიული განვითარების, ისე ჰუმანიტარული მიმართულებით“, – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა.
ღონისძიებას თბილისის მერიის, საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები, ასევე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორები და პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს