ახლო აღმოსავლეთში ომმა შესაძლოა საწვავის ფასების ზრდა და, შედეგად, ავიაბილეთების გაძვირებას გამოიწვიოს.
როგორც The Telegraph წერს, IATA-ს გენერალურმა დირექტორმა და British Airways-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა უილი უოლშმა აღნიშნა, რომ ნავთობის ფასსა და ავიაბილეთების ღირებულებას შორის პირდაპირი კავშირია. მისი თქმით, ნავთობის ფასების შემცირება ზაფხულის პერიოდში ავიაკომპანიებს ბილეთების გაიაფებისკენ უბიძგებდა. თუმცა, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ფონზე ეს ტენდენცია შეიცვალა.
ისრაელის მიერ ირანის სამხედრო ობიექტებზე განხორციელებულმა იერიშმა ნავთობის ფასები დაახლოებით 8%-ით გაზარდა. ვითარების ფონზე ბაზრები მყისიერად რეაგირებენ. Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ირანის მიერ ორმუზის სრუტის შესაძლო დაბლოკვა — საიდანაც გადის გლობალური ნავთობის მიწოდების დაახლოებით 20% — შესაძლოა ნავთობის ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვიოს.
მაკგილის უნივერსიტეტის ავიაციის მართვის ექსპერტი ჯონ გრედეკი განმარტავს, რომ რეაქტიული საწვავის ფასის 10–20%-იანი ზრდა სერიოზულ ზეწოლას მოახდენს ავიაკომპანიებზე. IATA-ს მონაცემებით, გლობალური საავიაციო ინდუსტრია შემოსავლების დაახლოებით მესამედს საწვავის ხარჯებზე ხარჯავს.
ამ ეტაპზე, ავიაკომპანიების უმეტესობა ე.წ. ჰეჯირების სტრატეგიას იყენებს — ისინი საწვავის ფასებს წინასწარ აფიქსირებენ ბაზრის მერყეობისგან დასაცავად. მაგალითად, Ryanair-მა გაზაფხულზე არსებული ფასდაკლება გამოიყენა და საწვავის საჭიროებების მნიშვნელოვანი ნაწილი სამი წლით წინასწარ დაფარა.
თუმცა, თუ ფასების მატება გაგრძელდა, ავიაკომპანიების ფინანსურ სტაბილურობას სერიოზული გამოწვევები შეექმნება. მიუხედავად ამისა, ავიაბაზარი მყისიერ რეაგირებას ერიდება — ნაწილობრივ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის ფონზე.
The Telegraph იხსენებს, რომ 2022 წელს საწვავის ფასების ზრდას Emirates-მა, AirAsia-მ და Japan Airlines-მა ბილეთებზე დაახლოებით 10%-იანი დროებითი გადასახადი დაურთო. თუმცა ავიაკომპანიების ნაწილი ბილეთების გაძვირების ნაცვლად იყენებს სხვა ინსტრუმენტებს — მათ შორის მარშრუტების შემცირებასა და მომსახურებების ოპტიმიზაციას.
ცნობილია, რომ 13 ივნისის ღამეს ისრაელმა იერიში მიიტანა ირანის ბირთვულ ობიექტებზე, რასაც შემდგომი სამხედრო ესკალაცია მოჰყვა. საკუთარი მოქალაქეების შესაძლო ევაკუაციისთვის მზადყოფნა უკვე გამოთქვეს ლიტვამ, ჩეხეთმა, ბულგარეთმა და პოლონეთმა.
avianews.ge
