ღაზაში ომის დასრულებასთან და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევასთან ძალიან ახლოს ვართ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც მის სამშვიდობო გეგმაზე „ჰამასის“ პასუხის შემდეგ გაავრცელა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ქვეყანას, რომელიც ამის მიღწევაში დამეხმარა – კატარს, თურქეთს, საუდის არაბეთს, ეგვიპტეს, იორდანიასა და სხვა ძალიან ბევრს. ეს ძალიან დიდი დღეა. ვნახოთ ყველაფერი როგორ გამოვა. საბოლოო სიტყვა უნდა შევათანხმოთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, „მძევლების მშობლებთან დაბრუნებას მოუთმენლად ელის“.
„ეს განსაკუთრებული დღეა. შეიძლება უპრეცედენტოც კი. ყველა გაერთიანებული იყო იმის სურვილით, რომ ეს ომი დასრულებულიყო და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისთვის მიგვეღწია. ჩვენ ამასთან ძალიან ახლოს ვართ. ყველას სამართლიანად მოეპყრობიან“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
