საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანში მომხდარ აფეთქებებს გმობენ და აცხადებენ, რომ ძალადობისა და ტერორიზმის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია.
„მტკიცედ ვგმობთ ამ დანაშაულებრივ ქმედებებს და მუდმივ უარვყოფთ ძალადობისა და ტერორიზმის ყველა ფორმას, რომელიც მიმართულია უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შელახვისკენ”, – აღნიშნულია არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, განცხადება გაავრცელა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, სადაც აღნიშნულია, რომ გმობენ „ტერორისტულ დაბომბვებს, რომლებიც მიმართულია ირანის ისლამური რესპუბლიკის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ”.
შეგახსენებთ, გუშინ, ირანის ელიტური „ყუდსის ძალების” ყოფილი მეთაურის, ყასემ სოლეიმანის მკველობიდან მეოთხე წლისთავის აღსანიშნავად გამართული ცერემონიის დროს ორი აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ასამდე ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არავის აუღია.
ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა მომხდარში ისრაელი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მათ, ამ დანაშაულისთვის, მძიმე ფასის გადახდა მოუწევთ.