[ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე] 2-3 კვირაში ნავთობკომპანიები იძულებული იქნებიან ფასებს გადახედონ – „ვისოლი“

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე მსოფლიო სანავთობე ბირჟებზე ნავთობი ძვირდება. ამჟამად Brent-ის ტიპის ნავთობი თითქმის 77 დოლარად ივაჭრება, რაც ბოლო ერთთვიან პერიოდში 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
“ვისოლის” გენერალური დირექტორის განცხადებით, ისრაელ-ირანის დაპირისპირების ფონზე ახლო აღმოსავლეთში დაძაბული სიტუაცია უკვე აისახა როგორც ნავთობპროდუქტების ფასზე, ისე გააძვირა ლოგისტიკური ჯაჭვიც. ვასილ ხორავას თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ივლისის ე.წ “ფიუჩერსებიც” ნავთოპროდუქტებზე მაღალია, მათი რამდენიმე მომწოდებლისგან იყო კოეფიციენტების გადახედვის შემოთავაზებაც.
ნავთობპროდუქტების ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე აცხადებს, რომ იმპორტის გაძვირების შესაბამისად საწვავზე ფასი საქართველოში საცალო ქსელებში დაახლოებით, 2-3 კვირის შუალედში შეიცვლება.
„ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია მსოფლიოში ნავთობპროდუქტების, საომარი სიტუაციის დაწყება და ასეთი ტიპის ქვეყნის გათიშვა ქმნის გარკვეულ ნეგატიურ მოლოდინებს ფასებთან მიმართებით, რაც აისახება და აისახა უკვე ივნისის დასაწყისში საკმაოდ მკვეთრი ზრდით ფასებზე. მოხდა ლოგისტიკური პროცესების გაძვირება, ასევე ნავთობპროდუქტებზე მიწოდების ფაქტობრივად მიმართულების გადახედვა, რადგან ირანი ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორი იყო და როგორც ექსპორტის, ისე ლოგისტიკის მიმართულებით ომი გამოიწვევს ნეგატიურ ასახვას საფასო პოლიტიკაზე და ამას ჩვენ ვხედავთ როგორც ნავთობპროდუქტების ფასებზეც. ნედლ ნავთობზე პირველი ასახვა პოვა.
სამწუხარო ის არის, რომ უკვე ივლისის “ფიუჩერსები” ანუ წინასწარი მოლოდინები ივლისში ნავთობპროდუქტებზე უკვე მაღალია. ჩვენი რამდენიმე მომწოდებლისგან იყო შემოთავაზება კოეფიციენტი გადაეხედათ იმის გათვალისწინებით, რომ მოლოდინები არის მაღალი და ეს გამოიწვევს ბუნებრივია ჩვენს ნავთობპროდუქტების ფასების ცვლილებას.
ზოგადად ტენდენცია კარგი იყო აპრილი, მაისის პერიოდში, რა დროსაც ჩვენ შევძელით, რომ 25-26 თეთრით შეგვემცირებინა ერთ ლიტრზე ფასი, თუმცა ივნისის დასაწყისიდან მცირედი ზრდა დაიწყო, 10-12 რიცხვიდან კი მკვეთრი მომატება დაიწყო ფასების, რაც მიუთითებს იმას, რომ დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში, როცა ცვლილებები იწყება ზრდის თვალსაზრისით, არსებული ნაშთებიდან გამომდინარე, ნავთობკომპანიები, რომლებიც ოპერირებენ ბაზარზე იძულებული იქნებიან ახალი, განახლებული, გაძვირებული იმპორტის პირობებში შესაბამისი ქცევა განახორციელონ უკვე საცალო ბაზარზეც, რაც პროდუქტის თვითღირებულების გაძვირებიდან გამომდინარეობს.
10-13 ივნისის შემდეგ რაც საომარი პროცესები დაიწყო ფასები უფრო გაიზარდა, რაც ფასების კორექტირებას გამოიწვევს. ეს მათემატიკაა და ზუსტად გამოითვლება იქიდან გამომდინარე რა პრინციპითაც და რა პროპორციითაც მოხდა ზრდა. შესაბამისად, ეს საწვავის ფასებს იმ პროპორციით გაზრდის, რა პროპორციითაც მოხდა ნავთობრპოდუქტებზე ფასების ზრდა“, – აცხადებს bm.ge-სთან ინტერვიუში ვასილ ხორავა.