ახლა დონალდ ტრამპს სურს არა უბრალოდ პაუზა, არამედ უკრაინის ომის სრულად შეწყვეტა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კლეი ტრევისისა და ბაკ სექსტონის შოუში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.
რუბიოს თქმით, შესაძლოა, რომ ომის დასრულება ცეცხლის შეწყვეტით დაიწყოს.
„პრეზიდენტ ტრამპთან მუშაობისას შესანიშნავია ის, რომ ბევრი გაურკვევლობა არ არის. ის საკმაოდ პირდაპირია და ამბობს, რომ პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, ომი არასდროს დაიწყებოდა. მე მჯერა, რომ ეს სიმართლეა. ეს გუშინ ვლადიმერ პუტინსაც უთხრა და სხვათა შორის, პუტინს სურს, რომ ეს დასრულდეს. ახლა ტრამპს არ სურს უბრალოდ პაუზა, მას სურს, ეს დასრულდეს, რაც რთული იქნება. ამის გაკეთება ეტაპობრივად მოგვიწევს. შესაძლოა, ეს ცეცხლის შეწყვეტით დაიწყოს. ამაზე არც შეთანხმებულან, არც მოლაპარაკებაზე, მაგრამ მე მხოლოდ ამას ვამბობ – და შემდეგ გავხსნით ისეთ რაღაცებს, როგორიც არის დახმარების დერეფნები და დავრწმუნდებით, რომ ორივე მხარე არ არის მიმართული ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ასე რომ, ვნახოთ, როგორ გამოვა. ვფიქრობ, ეს ვერ მოხდება ტრამპის გარეშე. ის ერთადერთია მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია მსგავსი რამ მოახდინოს, მაგრამ ეს უნდა იყოს გლობალური ძალისხმევა. არა მხოლოდ ჩვენ, ან ევროპა, ან ნატო, ვგულისხმობ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას მოუწევთ მონაწილეობა. ევროპას მოუწევს, უზრუნველყოს უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიები. ევროპელები მზად უნდა იყონ, გააძლიერონ და გააკეთონ ეს, თუმცა ბევრ მგრძნობიარე საკითხზეა სალაპარაკო: ტერიტორიული პრეტენზიები, შეიარაღების კონტროლი და ასე შემდეგ, ენა და კულტურული საკითხები, ამ ყველაფერზე სამუშაოა. და ბოლოს, აშშ დაინტერესებულია უკრაინის გრძელვადიან დამოუკიდებლობაში და ეს უნდა იყოს დაფუძნებული ეკონომიკურ ინტერესზე. იმედია, მალე გვექნება სიახლეები – უკრაინასთან პარტნიორობის შესაძლებლობა, ერთობლივი საწარმო ან მსგავსი რამ, მათი წიაღისეულისთვის, ყველა ბუნებრივი რესურსისთვის, რაც მათ აქვთ და ამ ფულის ნაწილი დაბრუნდება აშშ-ის გადასახადების გადამხდელებისთვის იმ მილიარდობით დოლარის ასანაზღაურებლად, რაც იქ დაიხარჯა და ნაწილი რეინვესტირებული იქნება უკრაინაში იმ ნგრევის აღსადგენად, რაც იქ მოხდა, მათი ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ. გუშინ იყო პირველი ნაბიჯი გრძელ გზაზე, რომელიც წინ გველოდება, მაგრამ თუ ეს ასეა – გავიმეორებ პრეზიდენტის სიტყვებს, რომ მკვლელობა და სიკვდილი უკრაინაში უნდა შეწყდეს“.“
ამასთან, მიუნხენის კონფერენციასთან დაკავშირებით კითხვაზე: „კონფერენციის ფარგლებში შესაძლოა, რომ საუბრებმა ცეცხლის შეწყვეტამდე მიგვიყვანოს?“ მარკო რუბიომ აღნიშნა:
„ხვალ ევროპაში ვიქნები, გერმანიაში. ვიცე-პრეზიდენტი და მე შევხვდებით ზელენსკის და რაღაც მომენტში ჩვენ მოგვიწევს ურთიერთობა რუს კოლეგებთან. ჩვენ რუსებთან თითქმის ორწელიწადნახევარია არ გვილაპარაკია. ასე რომ, ვფიქრობ, პრეზიდენტის გუშინდელი ზარი ვლადიმერ პუტინთან იყო პირველი საპრეზიდენტო ზარი ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში. ჩვენ გვექნება სამუშაოები მხოლოდ საკომუნიკაციო ხაზების აღდგენის თვალსაზრისით. ჩვენ უნდა დაველოდოთ რუსებს და ცხადია, ჩვენ ვაპირებთ ვესაუბროთ უკრაინას და ასევე ვესაუბრებით ჩვენს ყველა მოკავშირეს, პარტნიორს ევროპასა და მთელ მსოფლიოში. ისინი ჩაერთვებიან ამ ყველაფერში. ჯერ კიდევ არის გარკვეული სამუშაო. გუშინ ნამდვილად იყო იმის დადასტურება, რომ პუტინსაც და ზელენსკისაც უნდათ ომის დასრულება და ახლა საქმე ეხება იმის გარკვევას, როგორ მივიდეთ იქამდე“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
