“ახლა, ოჯახამოწყვეტილი დედა გზაშია, თბილი, პატარა ხელების ნაცვლად გაყინულ ცხედრებს მოეფერება…” – თამარ ბუჩუკური

ალბათ, ყველაზე მეტად თავის სამი შვილი ენატრებოდა, ვიდეო თვალით გამოზრდილი შვილები… აქ, ბაღდათში არაფრის იმედი რომ არ ჰქონდა, ადგა და წავიდა… დატოვა მშობლიურ სოფელში სამი პატარა მამასთან და ათასობით ქართველი ქალის მსგავსად ულუკმაპურობას, უიმედობას, გაჭირვებას საზღვარგარეთიდან შეებრძოლა… ალბათ, სახლში დარჩენილი პატარები და მეუღლე მშვიდად ეგულებოდა… ალბათ, ჩვენი ქალების მსგავსად ძილის წინ ბავშვებს სოციალური ქსელით ესაუბრა და ტკბილი ძილი უსურვა. ალბათ, სხვა დედა-შვილებივით დაგეგმეს მომდევნო თვის ხელფასით რას გააკეთებდნენ… ალბათ აქ, ბაღდათში ტყუპი გოგონები და მათი ძმა გათენებას მოუთმენლად ელოდნენ დედისთვის დილა მშვიდობისა საქართველოდან რომ ეთქვათ… მაგრამ, გათენდა და საზარელმა ამბავმა, თავს დატეხილმა სტიქიამ ბავშვებს სიცოცხლე წაართვა, მონატრებილი დედის ნახვის და იქამდე ხმის გაგონების შესაძლებლობა წაართვა… ალბათ, შვილებს დედის მონატრების სუნი ტალახშიც ჩაჰყვათ… ალბათ, მამა ყველაზე ბედნიერი წავიდა, ალბათ როგორ უმძიმდა ათასობით კილომეტრის დაშორებით წასულ ცოლთან საუბარი და შვილებს მოწყვეტილი ქალის ვიდეოში ყურება… ალბათ, გადარჩენა არც კი სცადა… ახლა, ოჯახამოწყვეტილი დედა გზაშია, თბილი პატარა ხელების ნაცვლად გაყინულ ცხედრებს მოეფერება და თავს გაჭირვებას, წასვლას, განშორებას ვერ აპატიებს… ის ქმრის და სამი შვილის უსულო სხეულებს მიწას მიაბარებს, არა და, მათი უკეთესი მომავლის იმედით წავიდა და გაუძლო სიშორეს, მონატრებას, უცხო წესებს და უცხო გარემოს, მაგრამ მომავალი ამ ოჯახისთვის უბრალოდ აღარ არსებობს, ყველაფერი წარსულში დარჩა… დრო ამ ქალისთვის სამუდამოდ გაჩერდა… ალბათ, ყველაზე მეტად სძულს წვიმა, წვეთ-წვეთად რომ შეგროვდა, მიწა რომ დაალბო, ატალახდა და ოჯახი წაართვა… ალბათ, სძულს გაჭირვება, რადგან ამის გამო ვერ გაატარა უკანასკნელი წუთები ოჯახთან ერთად… ალბათ, განგებაც სძულს, ამ ტკივილისთვის რომ გაიმეტა და სძულს საკუთარი თავი, რომ გადარჩა მხოლოდ ამიტომ…

ასევე დაგაინტერესებთ