ახლა მიმდინარეობს ბრძოლა სკამებისთვის, შიდა გადანაწილება, თუ ვის რა პოზიცია თუ თანამდებობა ექნება – კახა კალაძე ენმ-ში არსებულ დაპირისპირებაზე

პარტიაში მიმდინარე დაპირისპირებაზე კომენტარს მმართველი გუნდის წევრები აკეთებენ – თბილისის მერი აცხადებს, რომ პარტიაში მიმდინარე დაპირისპირება სკამებისა და თანამდებობებისთვის მიმდინარე ბრძოლაა.
„პროცესები, რომელიც ახლა მიმდინარეობს „ნაციონალურ მოძრაობაში“, არის მათი შიდა დაპირისპირება, მიმდინარეობს ბრძოლა სკამებისთვის, შიდა გადანაწილება, თუ ვის რა პოზიცია თუ თანამდებობა ექნება. რეალურად ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ადამიანები არაფრის გამკეთებლები არ არიან. გვახსოვს მათი მმართველობა, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და შეიძლება ეს იყოს სამაგალითო და საჩვენებელი თუ როგორი არ უნდა იყო ხელისუფალი და არ უნდა იქცეოდე მთავრობაში ყოფნის დროს. დღეს ისინი აგრძელებენ ამ ყველაფერს ოპოზიციაში და შეიძლება ითქვას, რომ საჩვენებელი იყოს, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი.
დაპირისპირებას რაც შეეხება, ეს კიდევ უფრო გაღრმავდება და გამწვავდება, ასე მგონია, თუმცა, ჩვენთვის საინტერესო არ არის, რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“. ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, უამრავი გამოწვევაა ქვეყანაში და უნდა ვიყოთ დაკავებული ამ ყველაფრით,“ – აცხადებს კახა კალაძე.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ენმ-ში მიმდინარე დაპირისპირება 2024 წლისთვის დაგივრგვინდება იმით, რომ პარტია გადალახავს ან ვერ გადალახავს 5%-იან ბარიერს.
“ნაციონალურ მოძრაობაში” ისეთი ამბავი მიმდინარეობს, რომ დედა შვილს და სააკაშვილი ხაბეიშვილს არ აიყვანს ხელში. რეალურად, ვერც საკრებულოს წევრებმა ვერ გაარჩიეს, ის ხაბეიშვილია დედანი თუ ასლი არის მელია.
“ნაციონალურ მოძრაობაში” ახლა ზუსტად ის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც მათ სურდათ საქართველოში. ამიტომ ეს კარგი პროცესი 2024 წლისთვის დაგვირგვინდება იმით, რომ გადალახავს ან ვერ გადალახავს ხუთპროცენტიან ბარიერს, მათ შორის, ოპოზიციაში ეს ე.წ. მთავარი პოლიტიკური ძალა, რომელსაც სურს, ზუსტად ეს სტატუსი შეინარჩუნოს.
რასაც ვუყურებთ, მგონი, ოპოზიციურ ფლანგზეც ვერ შეინარჩუნებენ მთავარი პოლიტიკური პარტიის სტატუსს, რადგან უკვე ერთმანეთს ისე დაერივნენ, რომ გამშველებელიც აღარ დარჩება ცოტა ხანში,” – აღნიშნა “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა.