„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ჯანაშიამ ერთ-ერთ ტელევიზიაში განაცხადა, რომ „სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება რევოლუციურ წინაპროცესში მონაწილეობა მიიღოს“. როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, თემურ ჯანაშიას ეს განცხადებები არის მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულებების ანულირების უნიჭო მცდელობა.
„პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ამ მომენტში 2 დასრულებული და 3 მიმდინარე საქმეა. მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია გირგვლიანის საქმეზე- 2018 წლის 5 იანვარს, საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, დაუსწრებლად 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევას გულისხმობს. გამოძიების მიხედვით, 2006 წლის 27 იანვარს, თბილისში, კაფე შარდენ ბარში თამარ მერაბიშვილს (სალაყაია), დავით ახალაიას, ოლეგ მელნიკოვს, გურამ დონაძეს და სხვებს, სანდრო გირგვლიანთან და მის მეგობარ ლევან ბუხაიძესთან მოუხდათ შელაპარაკება. შურისძიების მიზნით, დავით ახალაიას დავალებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე გაიტაცეს ქალაქგარეთ, ოქროყანის სასაფლაოზე და ასევე, დავით ახალაიას დავალებით, უმოწყალოდ სცემეს და აწამეს. ამ საქმეზე, 2006 წელს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები გასამართლდნენ. ისინი სასჯელაღსრულების N10 დაწესებულებაში, კომფორტულ და პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყვნენ სასჯელის მოხდის პერიოდში, საპატიმრო დაწესებულებას ტოვებდნენ ყოველგვარი დოკუმენტაციის და ნებართვის გარეშე.
2008 წელს ისინი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა წინასწარი შეთანხმებით შეიწყალა. მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია – ვალერი გელაშვილის საქმეზე 2018 წელს მიხეილ სააკაშვილს მსჯავრი დაედო ყოფილ დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. 28 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას საბოლოოდ, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2005 წლის 14 ივლისს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეურაცხმყოფელი სტატიის გამოქვეყნების გამო, მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის და ერეკლე კოდუას ორგანიზებით, “სოდი”-ს სპეცრაზმის თანამშრომლები, შურისძიების მიზნით, თავს დაესხნენ პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილს და ცეცხლსასროლი იარაღის კონდახებით სასტიკად სცემეს. ასევე გასტაცეს ცეცხლსასროლი იარაღი, თანხა და ძვირფასი ნივთი. თავდასხმის შედეგად ვალერი გელაშვილმა მიიღო ცხვირის და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, რაც შეფასდა სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებად, რომელმაც მსხვერპლს წარუშლელად დაუმახინჯა სახე.
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებია 9 024 367 ლარის გაფლანგვა კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, რომლის განხილვაც მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ეხება. პროკურატურის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (სდსს) უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის ბიუჯეტიდან გამოყო თანხა. 2009 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, მის პირადი მიზნებისთვის დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი. კერძოდ, ეს ეხება სასტუმროს მომსახურეობას, სამგზავრო ბილეთების შეძენას, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიხეილ სააკაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და სხვა პირების კვებით მომსახურებას, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ტრანსპორტით მომსახურეობას, კოსმეტიკურ პროცედურებს, საცხოვრებელი ფართის დაქირავებასა და ტანსაცმლის შეძენას.
მიმდინარეა “იმედი“, „7 ნოემბერი“, ბადრი პატარკაციშვილის ქონების ხელში ჩაგდების საქმე ამ საქმეზე პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს 2014 წლის 28 ივლისს, დაუსწრებლად წაუყენა ბრალი. ასევე მიმდინარეა საზღვრის კვეთის საქმე. უკრაინიდან საქართველოში საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე პროკურატურამ 2021 წლის 20 ოქტომბერს წაუყენა ბრალი მიხეილ სააკაშვილს. გამოძიების ვერსიით, 28 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, უკრაინიდან, კერძოდ, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა გემი, სახელწოდებით „ვილნიუსი“.
სწორედ ამ გემიდან 29 სექტემბერს ჩამოვიდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერი. მძღოლმა ფოთის პორტის ტერიტორიაზე გააჩერა სატვირთო ავტომანქანა და მივიდა ავტომანქანის მისაბმელის უკანა კართან, საიდანაც ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი, იგი მარჯვენა მხრიდან სატვირთო ავტომანქანის კაბინაში ჩაჯდა. ამ მომენტში, მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით, ტრაილერის მძღოლის ელგუჯა ცომაიას დახმარებით უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. ამ ფონზე ბატონო თემურ მინიმუმ პოლიტიკური უხერხულობაა ისაუბროთ მიხეილ სააკაშვილის უდანაშაულობაზე. გთხოვთ დაასახელოთ ერთი სამართლებრივი საფუძველი მაინც, რომელიც მიხეილ სააკაშვილის უდანაშაულობას დაამტკიცებს.
ასევე გაუგებარია, როგორ გესახებათ მისი მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში, მან ხომ უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და ახლა გინდათ ის ანტისახელმწიფოებრივ გაცხადებულ რევოლუციურ ქმედებებში ჩართოთ?! თქვენი განცხადებები არის მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულებების ანულირების უნიჭო მცდელობა და ხაზს უსვამს იმას, რომ თქვენ საქართველოს კანონმდებლობას საერთოდ არ იცნობთ. მინაწერი: თქვენ გენერალ- მაიორი ბრძანდებით და თქვენგან ეს უმეცრება მივიღოთ თუ პოლიტიკურ დაკვეთას მივაწეროთ?!“-წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
Next: ერთი მომენტი ისიც გავიფიქრე, შურს ხომ არ იძიებდა “ხაზეინზე”, მაგრამ ამ ტიპის “ტროლინგსაც” ჭკუა და მოფიქრება უნდა