ახლა არის შანსი, რომ ყაზახეთიდან სუბსიდირებული ხორბალი შემოვიდეს – ასოციაცია

ყაზახეთი ხორბლის ექსპორტს დაასუბსიდირებს, მიზეზი 2024 წელს რეკორდული მოსავალია, რომლის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის მარცვლეულის ექსპორტის სუბსიდირება განხორციელდება. ამ მიზნით რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 40 მილიარდი ტენგე გამოიყოფა, რაც შესაძლებლობას იძლევა 2 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტი წახალისდეს. ტრანსპორტირების ხარჯები დასუბსიდირდება როგორც საქართველოს მიმართულებით, ასევე საქართველოს შავი ზღვის პორტების გავლით ექსპორტისას.
მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, სრულად თუ არა იმპორტის ნახევარი შესაძლებელია, რომ რუსული ყაზახური ხორბლით ჩანაცვლდეს, რისი გამოცდილებაც ჯერ კიდევ 2013 წელს არსებობს, როცა ყაზახეთმა უხვი მოსავლის გამო, ხორბლის ექსპორტი დაასუბსიდირა.
„ჩვენთვის ყველა ბაზარი საინტერესოა, საიდანაც ხორბალი შეიძლება შემოვიდეს. ახლა არის შანსი, რომ ყაზახეთიდან შემოვიდეს სუბსიდირებული ხორბალი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს იგივე მოდელია, რომელიც ყაზახეთს ჰქონდა 2013 წელს, როდესაც მათ მიიღეს ძალიან მაღალი მოსავალი. სტატისტიკას თუ შევხედავთ, მაშინ 40-50% საქართველოში შემოსული ხორბლის იყო ყაზახური, შესაბამისად სრულიად შესაძლებელია, რომ იგივე მექანიზმის ახლა გამოყენების პირობებში რაც გულისხმობს ტრანსპორტის სუბსიდირებას, განმეორდეს 2013 წელი, როცა ყაზახური ხორბალი საკმაო რაოდენობით იყო წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე“,-აცხადებს ლევან სილაგავა.
მისი თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში ყაზახური ხორბლის იმპორტი საქართველოში დამოკიდებული იქნება, განხორციელდება თუ არა მარცვლეულის ტერმინალის პროექტი, რომელსაც ამ ეტაპზე ყაზახეთი ს პორტში განიხილავს.
„თუ შევხედავთ გრძელვადიანად, ყაზახურ მხარეს ადრეც ჰქონდა ინტერესი, რომ ფოთის პორტთან მიმართებით გაეკეთებინა ტერმინალი, რითაც საშუალება ექნებოდა მსოფლიო ბაზარზე გასვლის. თუ ეს განხორციელდა და ახლა მიდის ამაზე ლაპარაკი, შესაძლებელი იქნება ამ დიდ მოცულობებში, რომელსაც ყაზახეთი გაიტანს მსოფლიო ბაზარზე, მაშინ ჩვენ შესაძლებლობა გვექნება რეალურად ამ დიდი პროექტის ნაწილი ვიყოთ და მაშინ შეიძლება ეს სისტემატური გახდეს“- აცხადებს ლევან სილაგავა.
აღსანიშნავია, რომ ყაზახეთი შავ ზღვაზე მარცვლეულის ტერმინალის პროექტის დღის წესრიგში დაბრუნებას გეგმავს. ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ქვეყანა დაინტერესებულია შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტით, თუმცა დღეს არც ყაზახურ და არც ქართულ პორტებს არ აქვთ შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერა, რომ დიდ მოცულობით ხორბლის ტრანზიტის უზრუნველყონ. ლევან სულაბერიძის თქმით, თუ ეს პროექტი დამტკიცდა, პირველ ეტაპზე ყაზახური მარცვლეულის მიღებას საქართველო შიდა მოხმარებისთვის მომავალშიც შეძლებს, შემდეგ კი, მისი ტრანზიტი სწორედ საქართველოდან განხორციელდება.