სტარტაპ Wempler-ის თანადამფუძნებელი ალექსანდრე თვალხელიძე აცხადებს, რომ უცხოური ინვესტიციების მოზიდვა საქართველოსთვის მარტივი არასოდეს ყოფილა, თუმცა ახლა, უკვე არსებულ ინვესტორების დარჩენა – არდარჩენის საკითხი განიხილება. ამის შესახებ სტარტაპის თანადამფუძნებელმა BMGTV-ს გადაცემა „საქმიანი დილაში“ სტარტაპ ეკოსისტემაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გავლენის შეფასებისას ისაუბრა.
მისივე ცნობით, Wempler-ისთვის ძირითადი ინვესტორები ჩეხები არიან. არასტაბილური მდგომარეობის გამო კი, ისინი სტარტაპს მოუწოდებენ, რომ ბიზნესი ჩეხეთში გადაიტანონ და იქ მოხდეს ბიზნესის განვითარება. შესაბამისად, სიტუაცია თუ არ შეიცვალა, ბიზნესის გადარჩენის მიზნით, შესაძლოა Wempler-ს რელოკაცია მოუწიოს.
„ის კი არა, რომ შენიღბულად აღარ მივდივართ ევროპაში, რისი განცდაც ჩვენ გვქონდა, ახლა უკვე ზუსტად ვიცით, რომ ჩვენი მთავრობა არ აპირებს 2028 წლამდე მოლაპარაკებებზე წავიდეს და არც დღის წესრიგში არ არის მოლაპარაკებები. ეს არის კატასტროფა. ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის და სტარტაპერისთვის თუ არ მივდივართ ევროპაში, არ აქვს მნიშვნელობა საით მივდივართ, ყველაფერი არის კატასტროფა.
ჩვენს სტარტაპში ძირითადი ინვესტორები ჩეხები არიან. “რუსული კანონის” მიღების შემდეგ ისინი შეშფოთებული იყვნენ და ჩვენც და ისინიც ეკლებზე ვისხედით. ჯერ ისედაც სარისკოა საქართველოს ბაზარი და ახლა „რუსული კანონიდან“ დაიწყო ეჭვები, რამდენად ღირს, რამდენად ჩადებენ კიდევ ინვესტიციას. ეს შეჩერდა ცალსახად“, – ამბობს Wempler-ის თანადამფუძნებელი.
მისი განმარტებით, სტარტაპ ეკოსისტემაში ყველა ანალოგიურ სიტუაციაშია და მათი ინვესტორებიც შეშფოთებული არიან.
„სტარტაპები ფულს იდეის განვითარებაში ხარჯავენ ხოლმე, თუმცა ახლა, სტარტაპების 99% ფულის ულიმიტო ხარჯვაზეა გადასული, რადგან ვერ ოპერირებენ და გუნდი შესანახია. ჩვენ რაღაცნაირად იმედი გვაქვს და მაგიტომ ვდგავართ რუსთაველზე. შესაბამისად, პირველ რიგში ინვესტიციის ტყუილად განლევა ხდება, განვითარებას ვერ ხმარდება. როცა ფული იხარჯება, ინვესტორებზე ხარ მიჯაჭვული. შესაბამისად, რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს, მეც და ჩემი ინვესტორებიც განვიხილავთ ყველა, რომ ბიზნესის გადარჩენისთვის სხვაგან წავიდეთ, თუმცა ეს არ გვინდა“, – ამბობს სტარტაპერი.