სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი მუხიგულაშვილი:
სალომე ზურაბიშვილი თავად მოიყვანეს, დასვეს, ბიძინა პირადად გამოვიდა სასახლიდან მეორე ტურისთვის, თავისი საკუთარი ფოტო გამოაკრა ბანერებს და მომხრეებს სთხოვა დახმარება, ითხოვა, მე მომეცით ხმაო. ასე გააპრეზიდენტეს. სანამ თვინიერი იყო, მოსწონდათ. ახლა გახდა ცუდი, მიუღებელი. როცა სხვა აკრიტიკებდა, მაშინ სალომე ქალი იყო, ასაკში იყო და ქართველ ადამიანს, როგორ შეეფერება ქალის, ასაკიანი ქალის შეურაცხყოფაო.
ახლა, აბა, ქართველები არ არიან ისინი, ვინც ოცნებამ მიუქცია კვერცხებით სალომეს? თუ აღარაა ქალი და არც ასაკშია? და ღირსება? ორ ფეხზე მდგომებს ასროლინეთ სალომესთვის კვერცხი, თუ ცალ ფეხზე მდგომებს, თუ ჩაცუცქულებს? ყველა კვერცხს ახსენებს, მაგრამ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა, გინება ზურაბიშვილზე, წინა დღეებშიც იწერებოდა, ამას ვაპირებთო და პოლიცია იდგა და უყურებდა. ხოდა, ოცნების მომხრეთა ნარატივია, კვერცხების სროლა მოსულაო, გინებაცო, აბა, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებიც რომ ისვრიანო და გვაგინებენო? ახლა ავხსნი, რა განსხვავებაა ოპოზიციის, ხალხის და მთავრობის ნასროლ კვერცხებს შორის: ოპოზიციას, ქუჩაში მდგომ ადამიანს, რომელიც რაღაცას გიპროტესტებს, არ აქვს სხვა ბერკეტი, მან ფიზიკურად უნდა გაგაგონოს ხმა, უნდა დაგანახოს ფიზიკურად, უნდა მოგთხოვოს ფიზიკურად, ხო, შეიძლება კვერცხიც გესროლოს, თუ არ მოუსმენ. აი, ხელისუფლებას, მთავრობას, სუსი ჰყავს, პოლიცია, ჯარი, ამდენი სამინისტრო, კანონს კანონზე აცხობს და თუ დამნაშავეა ვინმე, ამდენი უკანონო პატიმარი ჰყავს და როგორმე, დამნაშავესაც დაიჭერდა, ხომ? ესე იგი, არაა დამნაშავე, ვერ იჭერს, და უსწორდება უკანონოდ, ის ვისაც კანონების წერა და აღსრულება აბარია.
თორემ, სიღატაკით გაბრაზებული და უსამართლობით გამწარებული ხალხი თუ კვერცხს გესვრის, ის, სულ სხვა რამეა, ბატონებო და ქალბატონებო და მთავრობის ნასროლი კვერცხისგან ძალიანაც განსხვავდება. გაბრაზებული ხალხი რომ კვერცხს გესვრის, ეს გასაგებია, ვის მოსწონს და ვის არა, გემოვნების ამბავია და აი, მთავრობა რომ ისვრის კვერცხს, ეგ სრულიად გაუგებარია. დიახ, აი, ეს განსხვავებაა „ვიწია“ ჯაფარიძის ნასროლ ფორთოხალსა და ხალხის ნასროლს შორის, დიახ, ამიტომაა „სიბანძე“, ე.წ. კონტრაქციები და სასაცილოდ არავის ყოფნის. დაუწერელი კანონია, დემოკრატიული ხელისუფლება ხალხს, ადამიანებს, პოლიტიკურ ოპონენტებს არ უქსევს საკუთარ მომხრეებს, დაუწერელი კანონია იმიტომ, რომ ვერავინ წარმოიდგენდა დემოკრატიულ სამყაროში ამის დაწერა თუ გახდებოდა საჭირო. როცა მთავრობა იყენებს ტიტუშკებს, მომხრეეებს თავდასხმისთვის, ის სუსტია, მას არ აქვს კანონიერი ბერკეტი, არ შეუძლია სიტყვით თავის დაცვა და არაა მართალი, არც ხალხთან, არც სამართალთან და არც საკუთარ თავთან. არადა, 2018 წელს, ამ ქალს კობახიძე და მდინარაძე, ერბო კვერცხს შეუწვავდნენ ხელისგულზე, პირდაპირი გაგებით, უბრალოდ, სალომე მათი ხელიდან ამ ერბოკვერცხს არ შეჭამდა.
