„17 რუსი სამხედრო ანწუხელიძის ქვეყანაში“ – ამ ლოზუნგით ახალ სპორტის სასახლესთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი საქართველოში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე 25 რუსი სპორტსმენის მონაწილეობას აპროტესტებენ, რომელთაგან, მათივე ინფორმაციით, 17 სამხედროა.
„პროტესტის მთავარი მიზეზი არის ის, რომ საქართველოში ფარიკაობის ჩემპიონატი ტარდება, სადაც 25 რუსი სპორტსმენი მონაწილეობს და აქედან 17 მონაწილე სამხედროა. ესენი ის ადამიანები არიან, ვინც ჩვენი და უკრაინელი გმირები დახოცეს. დღეს ჩვენსა და რუს სამხედროებს შორის დგას ქართველი პოლიციელი და ჩვენს ნაცვლად მათ იცავენ. გამოგვათრიეს სპორტის სასახლიდან ანწუხელიძის პლაკატის დაჭერის გამო“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი ჰქონდათ ბანერები: „ანწუხელიძის ქვეყანაში რუსები ვერ გაიმარჯვებენ“, „ანწუხელიძე უკვდავია“.
