ახალციხის მერს, ვარლამ წიკლაურს ქონებრივ დეკლარაციაში “იმედისგან” მიღებული ხელფასი ასახული არ აქვს — რა ქონებას ფლობს ყოფილი ჟურნალისტი?

ახალციხის მერს, ვარლამ წიკლაურს თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციაში ტელეკომპანია იმედისგან მიღებული ხელფასი არ აქვს ასახული.

2025 წლის 11 აგვისტოს, ოცნების პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ახალციხეში მერობის კანდიდატად ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური წარადგინა. წიკლაურმა საჯარო საქმიანობა 2025 წლის 29 ოქტომბრიდან დაიწყო. შესაბამისად, დეკლარაციაში ტელევიზიისგან მიღებული შემოსავალიც საჯაროდ ასახული არ არის.

წიკლაურმა მედიაჩეკერთან საუბრისას განაცხადა, რომ მან დეკლარაციის ყველა ველი შეავსო, მაგრამ “მისი ნება-სურვილი იყო, წინა სამსახურში აღებული ხელფასი არ ყოფილიყო საჯარო”.

“ბუნებრივია, მე ყველა ველი შევსებული მაქვს, კანონის შესაბამისად. უბრალოდ ეს ჩემი ნება-სურვილი იყო, ჩემი წინა სამსახურში აღებული ხელფასი არ ყოფილიყო საჯარო და კანონი მე ამის შესაძლებლობას მაძლევს…ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ არ იყო საჭირო, ჩემი ხელფასი ყოფილიყო საჯარო, რა ხელფასი მქონდა მანამდე, ვიდრე დავიკავებდი პოლიტიკურ თანამდებობას,” — განაცხადა წიკლაურმა.

მედიაჩეკერს ანტიკორუფციულ ბიურომაც დაუდასტურა, რომ წიკლაურს იმედის ხელფასი და 2024 წელს მიღებული შემოსავალი დეკლარაციაში მითითებული აქვს, მაგრამ კანონმდებლობით ეს ინფორმაცია საჯარო არ არის.

რა ქონებას ფლობს ვარლამ წიკლაური?

ვარლამ წიკლაურის და მისი მეუღლის, ხატია კობერიძის მფლობელობაშია 2 საცხოვრებელი ბინა — ბელგიაში ბინის მფლობელი ხატია კობერიძეა. უძრავი ქონების ღირებულებაა €165 ათასია, ხოლო თბილისის ბინის ვარლამ წიკლაურის სახელზეა და $185 ათასადაა შეფასებული.

წიკლაური ასევე ფლობს 2 ავტომანქანას, რომელთა ღირებულება ჯამში $30 ათასია. ესენია:

  • 2025 წელს შეძენილი JETOUR DASHING (მსუბუქი ავტომანქანა) — $23 ათასი;
  • 2024 წელს შეძენილი CHERY QQSUNDAES (მსუბუქი ავტომანქანა) — $7 ათასი.

ახალციხის მერმა ქონებრივი დეკლარაცია 2025 წლის 29 დეკემბერს შეავსო.