ახალციხის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მშობლები სკოლის შენობაში დაბრუნებას ითხოვენ

,,დააბრუნეთ ჩვენი შვილები სკოლაში“ – ახალციხის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა სკოლის ეზოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი შვილების სკოლაში დაბრუნებას ითხოვენ და ხელისუფლებას დროის გაჭიანურებაში ადანაშაულებენ.
2023 წლის იანვარში მიღებული გადაწყვეტილებით, მეორე საჯარო სკოლის 400-მდე მოსწავლე სკოლის რეაბილიტაციის გამო, პირველ საჯარო სკოლაში გადაანაწილეს, თუმცა რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დაწყებულა.
მშობლები შიშობენ, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სკოლის შენობა და ეზო გაიყიდება, რადგან მათი თქმით, ტერიტორია ხელსაყრელია სხვადასხვა ბიზნეს-საქმიანობისთვის:
,,სწორედ ამიტომ ცდილობენ, რომ დახურული შენობა ნელ-ნელა განადგურდეს, მშობლებმა სხვადასხვა სკოლაში გადაიყვანონ ბავშვები, რათა შემდეგ მცირე კონტიგენტის მიზეზით სკოლა აღარ გაიხსნას და საკმაოდ დიდი ტერიტორია გაიყიდოს“, – ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ერთ-ერთი მშობელი ხათუნა გორგოძე. ამ სკოლაში მისი ორი შვილი სწავლობს.
მშობლის თქმით, პანდემიის პერიოდში, სკოლაში მოწესრიგდა სველი წერტილები, თავიდან დამონტაჟდა წყალგაყვანილობა და მიმდინარე წლის დასაწყისში ,,საფრთხის შემცველი შენობიდან“ მოსწავლეების გაყვანა კითხვის ნიშნებს აჩენს.
აქციის მონაწილეთა თქმით, სკოლის ცვლილების გამო მოსწავლეებს 30 წუთამდე შეუმცირდათ თითო გაკვეთილის ხანგრძლივობა, მეორე ცვლაში გადასული ბავშვები გვიან ამთავრებენ სასწავლო პროცესს და ვეღარ ასწრებენ სხვადასხვა წრეზე სიარულს.
ერთ-ერთი მშობელი ალექსი მარტინოვი ირწმუნება, რომ სკოლა არ საჭიროებს იმ რეაბილიტაციას, რომელიც ჯერ არც კი დაწყებულა:
„არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომ სკოლა ნამდვილად ავარიული და საფრთხის შემცველია. ვითხოვთ, რომ დაგვიბრუნონ სკოლა და მანამდე გამოყონ ტრანსპორტი, ბავშვები სკოლაში ვატაროთ. კი არ გაგვიყვანეს, გაგვყარეს, მოვიდნენ და პასუხი გაგვცენ, რატომ? პირველი ცვლა დაგვიბრუნონ, თუ იწყება რემონტი, დროულად დაიწყონ, თუ არადა შეგვიშვან სკოლაში. 40 ბავშვი ზის კლასში, როგორც ექიმი, გეუბნებით, რომ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. არ შეიძლება!“.
აქციის მონაწილეებს შეხვდა ახალციხის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე. მისი თქმით, სარემონტო სამუშაოების დაწყება სამხარაული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის დაგვიანების გამო შეფერხდა:
,,ამ სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით, ველოდებით, რომ წლის ბოლომდე მივიღებთ ექსპერტიზის დასკვნას და იანვარში უკვე ტენდერი დაიდება შენობის აღდგენა -რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. ყველა პროცესი შემჭიდროვებულ ვადაში გაგრძელდება, ვფიქრობ, რომ ძალიანი მოკლე დროში დასრულდება პროცესი. მანამდე კი გეტყვით, რომ 390 მოსწავლე გადანაწილებულია პირველ საჯარო სკოლის უსაფრთხო გარემოში“.
ახალციხის მეორე საჯარო სკოლის გაჭიანურებულ სარემონტო სამუშაოებს გამოეხმაურა პარლამენტის წევრი და სამცხის მაჟორიტარი დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილი. ამბობს, რომ ის პროცესის დაჩქარებას შეეცდება და ირწმუნება, რომ შენობის გაყიდვა არ იგეგმება:
,,სოციალური ქსელიდან გავიგე, რომ მშობლები შეწუხებულები არიან. მქონდა კომუნიკაცია განათლების სამინისტროსთან, სამინისტრო მზად არის, რომ სკოლა ჩასვას სარეაბილიტაციო სამუშაოებში, მაგრამ ელოდება სამხარაულის დასკვნას. ჩვენ ჩავერთვებით და დავაჩქარებთ ამ დასკვნის მიღებას. პირადად მქონდა კომუნიკაცია სამინისტროს ხელმძღვანელობასთან და შენობის გაყიდვა არ იგეგმება“, – ამბობს ანტონ ობოლაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს, ოთხი პარტია და მთელი მდიდარი ენჯეოსექტორი აორგანიზებდა და ბოლოს მაინც გამოუვალი მდგომარეობით დაამთავრეს – არჩევნები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე წააგეს