ახალციხეში, ბორჯომსა და ხულოში ინტერნეტის გაყვანისთვის 25-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა (bm.ge)

“ოუფენ ნეტმა”, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციაა, ახალციხის, ბორჯომისა და ხულოს რაიონის სოფლების ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით დაქსელვისთვის 25 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერის თანახმად, პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი საკრედიტო რესურსით ფინანსდება და ის პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია.
ტენდერის ფარგლებში კომპანიებს მონაწილეობის მიღება 25 ივნისამდე შეეძლებათ. ეს 2025 წლის განმავლობაში “ოუფენ ნეტის” უმსხვილეს შესყიდვას წარმოადგენს.
რაც შეეხება წინა ტენდერებს, 2024 წლის აგვისტოში შიდა ქართლის სოფლების ინტერნეტიზაციისთვის 17-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა. ტენდერში მონაწილეობა რვა კომპანიამ მიიღო და მასში შეფასების პროცესი ამ დრომდე გრძელდება.
ასევე 2024 წელს “ოუფენ ნეტმა” ტენდერის შედეგად 15-მილიონიანი კონტრაქტი კომპანია Nsystem-თან მესტიის მუნიციპალიტეტის ინტერნეტიზაციისთვის გააფორმა.
2024 წლის სექტემბერში ქედა შუახევის სოფლების ინტერნეტიზაციისთვის ტენდერის შედეგად ₾7-მილიონიანი კონტრაქტი კომპანია Trans Engineering Group-თან გაფორმდა.
2024 წელს ოუფენ ნეტმა ასევე Trans Engineering Group-თან ზესტაფონისა და ხარაგაულის სოფლების ინტერნეტიზაციისთვის 5.3 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა.