ახალი წლიდან ავტომობილები და ავტონაწილები გაძვირდება – ასოციაცია

„ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში“ ელიან, რომ 2024 წლის დასაწყისიდან ავტომობილებზე და ავტონაწილებზე ფასები გაიზრდება. როგორც ასოციაციის დამფუძნებელმა ალექსი ნონიაძემ „კომერსანტთან“ აღნიშნა, ფასების ზრდას ავტომობილების იმპორტის შეზღუდვა და ასევე მიწოდების ჯაჭვით გამოწვეული გაზრდილი ხარჯები განაპირობებს.

„2024 წლიდან 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების აკრძალვა მოხდება, ამიტომ მოთხოვნა გაიზრდება შედარებით ახალ ავტომობილებზე, შესაბამისად ეს გამოიწვევს ფასების ზრდას როგორც 2013 წლის შემდეგ გამოშვებულ იმპორტირებულ ავტომობილებზე, ასევე მოსახლეობის ნაწილი შეეცდება უკვე საქართველოში არსებული მანქანები შეიძინოს და ქვეყანაში უკვე არსებული ტრანსპორტიც გაძვირდება. გარდა ამისა, ვინაიდან არ მოხდება ავტომობილების დაშლა, პირველ ეტაპზე გაძვირდება ასევე ავტონაწილები. კონკრეტული რიცხვები თუ რამდენით მოხდება გაძვირება, ამ ეტაპზე რთულია ამ მაჩვენებლის დასახელება.
ველოდებით, რომ უკვე ახალი წლიდან როგორც ახალი, ისე მეორეული მანქანებზე გაძვირების ტენდენცია გაგრძელდება. ის ავტომობილები, რომლებიც წლის ბოლოსთვის უნდა შემოვიდნენ ქვეყანაში, უკვე გზაშია, ახალი მარაგების შეკვეთა კი გლობალურად გაზრდილი ხარჯების გამო, უფრო ძვირი დაჯდება, რაც პირდაპირ აისახება საბოლოო პროდუქტის ღირებულებაზე“, – აღნიშნავს ალექსი ნონიაძე.
გარდა ამისა ალექსი ნონიაძის თქმით, ბოლო პერიოდში ავტომობილების ტრანსპორტირების დრო გაზრდილია, შესაბამისად, 2013 წლამდე წლოვანების ავტომობილები ჩამოსვლა, რომელიც გზაშია და საქართველოსკენ მოემართება, შესაძლოა ვერ მოესწროს. ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ბუნდოვანია თავად განბაჟების საკითხიც, ჯერჯერობით უცნობია დეკემბერში საქართველოში შემოყვანილი ავტომობილების მფლობელები შეძლებენ თუ არა განბაჟებისას საშეღავათო პირობებით სარგებლობას.
„ავტოიმპორტიორთა ასოციაციის“ დამფუძნებელი დარგში არსებულ სხვა პრობლემებზეც საუბრობს და ამბობს, რომ სექტორში არსებული გამოწვევები ჯერ ისევ მოუგვარებელია და მათ შორისაა ლოგისტიკა, რადგან დღეს თითო მანქანის ქვეყანაში შემოყვანას 3-4 თვე მინიმუმ სჭირდება, რაც რადიკალურად ზრდის ხარჯებს.
2023 წლის მე-3 კვარტლის მდგომარეობით ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია 1 647 629 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, აქედან 1 375 980 ერთეული 10 წელზე მეტი ასაკისაა, ანუ დაახლოებით 83,5%. რაც შეეხება ვაჭრობას, მიმდინარე წლის 10 თვეში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 13.4%-ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 51.7%-ითაა გაზრდილი და ექსპორტის ღირებულება $661.3 მილიონს გაუტოლდა.