დედაქალაქს ახალი ურბანული რესტორანი “ვეშაპი” გაიხსნა. მინდელის ქუჩაზე მდებარე ობიექტი სტუმრებს სულ რაღაც თვე-ნახევარია მასპინძლობს და მომხმარებლებს შეფ ვახტანგ დევდარიანის მიერ შექმნილი მენიუს მიხედვით, ქართულ და ევროპულ სამზარეულოს კერძებს სთავაზობს.
როგორც ობიექტის სტრატეგიული განვითარების ხელმძღვანელი, გიორგი პატარაია BM.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, “ვეშაპის” კონცეფცია უბნის კაფე-რესტორნის მოდელს ეფუძნება.
მისი განმარტებით, ობიექტი სტუმრებს არა მხოლოდ საავტორო სამზარეულოს, არამედ მშვიდ და კომფორტულ გარემოს სთავაზობს, სადაც გემრიელ კერძებთან ერთად, მომხმარებლებს სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების წარმოება, საღამოს კი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად გემრიელი და სამახსოვრო დროის გატარება შეუძლიათ.
“ობიექტი საბურთალოს ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ უბანშია ჩამალული და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანი შეხვედრისა და დასვენების ადგილად იქცა. ჩვენი დაკვირვებით, მომხმარებელს ასეთი სივრცის მის სახლთან არსებობა ძალიან მოსწონთ, ვინაიდან მაღალი ხარისხის მისაღებად, სხვა უბანში გადასვლა აღარ უწევს”, – აცხადებს გიორგი პატარაია.
მისივე თქმით, “ვეშაპის” სახელი აუჩქარებლობას, დადებით ემოციებს და რა თქმა უნდა, კერძის ულუფის ზომას უკავშირდება – სტუმრებს აქ უხვად და გემრიელად მასპინძლობენ. მიუხედავად იმისა, რომ მარკეტინგული კამპანიები მცირე მასშტაბებით ხორციელდება, უკვე მოიპოვეს არაერთი ერთგული მომხმარებელი, რომლებიც მათი ყოველდღიური სტუმრები გახდნენ.
„ჯამში 80-მდე ადამიანის მასპინძლობა შეგვიძლია, თუმცა ოპერირება რომ შევაფასოთ, საშუალო დატვირთვით ვმუშაობთ იმის ფონზე, რომ მასშტაბური მარკეტინგული კამპანიები არ განგვიხორციელებია. ჩვენი აზრით, მომხმარებელმა თავად უნდა გამოცადოს, რას ნიშნავს “ვეშაპში” სადილობა ან ვახშმობა“, – დასძენს პატარაია.
მისი ინფორმაციით, ურბანული რესტორანი ქართულ ბაზარზე საშუალო საფასო პოლიტიკითაა წარმოდგენილი და როგორც გიორგი პატარაია ამბობს, სამომავლოდ ფასების გაზრდას არ გეგმავენ.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე რესტორანში 15 თანამშრომელია დასაქმებული, ხოლო მომავალი წლის მეორე ნახევრიდან “ვეშაპის” გუნდს რესტორნის გაფართოება და რამდენიმე ახალი ფილიალის დამატება სურს – ისევ საბურთალოზე, ანალოგიურ უბნებში, სადაც ადგილობრივების მოთხოვნებს მაღალი ხარისხით უპასუხებენ.
