დიზაინისა და პროექტების მართვის წამყვანმა კომპანიამ LSG Solutions-მა საიუბილეო ღონისძიებაზე „5-Year Journey – Delivery Partner” სამშენებლო სექტორისთვის ინოვაციური პარტნიორული მოდელი – Delivery Partner – წარადგინა. სასტუმრო “ტელეგრაფში” გამართულ საღამოზე, კომპანიამ პარტნიორებსა და საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებს ხუთწლიანი საქმიანობის შედეგები გააცნო და პარტნიორობის ახალ სტრატეგიაზე გადასვლა დაანონსა.
Delivery Partner წარმოადგენს მომსახურების ახალ სტანდარტს, რომელიც მნიშვნელოვნად სცილდება ტრადიციული სამშენებლო ზედამხედველობის ჩარჩოებს. მოდელი აერთიანებს პროექტის სრულ ციკლს — იდეის გაჩენიდან მის განხორციელებამდე — და დამკვეთს სთავაზობს გრძელვადიან შედეგებზე ორიენტირებულ, პასუხისმგებლობასა და ნდობაზე დაფუძნებულ პარტნიორობას.
„თანამედროვე ბაზარი ითხოვს პარტნიორს, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ტექნიკური კონსულტაციით, არამედ იზიარებს პასუხისმგებლობას დამკვეთთან ერთად. ჩვენ დავინახეთ ეს ტენდენცია და სწორედ კლიენტების საჭიროებების ანალიზმა გვიბიძგა Delivery Partner-ის შექმნისკენ. ეს ნიშნავს, რომ ვმუშაობთ არა მხოლოდ პროექტზე, არამედ პროექტისთვის — გრძელვადიანი შედეგების, გამჭვირვალე პროცესებისა და სრულფასოვანი თანამშრომლობის პრინციპით. LSG Solutions უკვე 5 წლისაა. ამ ხნის განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება და საერთაშორისო პრაქტიკა გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენს პარტნიორებს სრულიად ახალი სტანდარტის ინოვაციური მომსახურება შევთავაზოთ და შევქმნათ მაქსიმალური კომფორტი პროექტის იდეიდან მის დასრულებამდე,“_ — აცხადებს სოსო ბერიძე, კომპანიის გენერალური დირექტორი და მმართველი პარტნიორი.
საიუბილეო წელი დაემთხვა კომპანიის მნიშვნელოვან საერთაშორისო წარმატებას — მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა არქიტექტურულმა გამოცემამ, Dezeen-მა, მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტს ვრცელი სტატია მიუძღვნა და მას რეგიონში გამორჩეულ თანამედროვე არქიტექტურულ ნამუშევრად შეაფასა. პროექტის არქიტექტურა, რომელიც შთაგონებულია თამარ მეფის საზეიმო სამოსითა და ტრადიციული ორნამენტებით, მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა.
ეს წარმატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს LSG Solutions-ის პროფესიონალიზმს, სტრატეგიულ ხედვასა და შემოქმედებით შესაძლებლობებს. კომპანიის მრავალფეროვანი პორტფოლიო მოიცავს ინფრასტრუქტურული, კერძო და საჯარო სექტორის მასშტაბურ პროექტებს, რაც ქმნის მყარ საფუძველს მისი უწყვეტი განვითარებისა და მზადყოფნას მომავალი საერთაშორისო გამოწვევებისთვის.
Delivery Partner წარმოადგენს LSG Solutions-ის განვითარების სტრატეგიის საფუძველს, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და შექმნის პასუხიმგებლიან, შედეგზე ორიენტირებულ პარტნიორობას სამშენებლო ინდუსტრიაში.
LSG Solutions დაფუძნდა 2020 წელს და მოკლე დროში ჩამოყალიბდა როგორც ერთ-ერთი ლიდერი კომპანია დიზაინისა და სამშენებლო პროექტების მართვის სფეროში. კომპანიის პორტფოლიო მოიცავს 50-ზე მეტ პროექტს, 35-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას, ხოლო მისი პროექტების ჯამური ღირებულება 800 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.
LSG Solutions წარმატებით მუშაობს როგორც საშუალო, ისე მსხვილმასშტაბიან პროექტებზე უძრავი ქონების, ინფრასტრუქტურის, სასტუმროებისა და მრავალფუნქციური ობიექტების, ენერგეტიკის, ჯანდაცვის, განათლებისა და მრეწველობის სექტორებში.
