“ახალი საბრძოლო თვითმფრინავები შევიძინეთ, ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ ომისთვის” – ალიევი

“ხელმოწერილია კონტრაქტები ახალი საბრძოლო თვითმფრინავების შესაძენად, ხოლო არსებული ბაზა სრულად განახლდა”, როგორც Trend-ი იუწყება, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქელბაჯარის მცხოვრებლებთან შეხვედრისას თქვა.
“ჩვენს ქვეყანას მიეწოდა უახლესი უპილოტო საფრენი აპარატები, ახალი საარტილერიო სისტემები. ხელმოწერილია კონტრაქტები ახალი საბრძოლო თვითმფრინავების შესაძენად, ხოლო არსებული სრულად მოდერნიზდა. ჩვენ ნებისმიერ დროს უნდა ვიყოთ მზად ომისთვის, რადგან მსოფლიო პროცესები ისე ვითარდება, რომ შეუძლებელია განჭვრიტო, რა იქნება ხვალ. ჩვენი უსაფრთხოების გარანტი ვართ ჩვენ თვითონ — სახელმწიფო, ხალხი და ჩვენი შეიარაღებული ძალები. ამიტომ, თუ ვინმეს ავადმყოფ თავში აზრად მოუვა აზერბაიჯანის წინააღმდეგ რაიმე პროვოკაციის მოწყობა, ვფიქრობ, კიდევ ერთხელ ინანებენ. ჩვენ კი აქედანვე ვიცხოვრებთ როგორც გამარჯვებული ხალხი და გამარჯვებული სახელმწიფო,“ — განაცხადა ალიევმა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანი “სამშვიდობო პროცესების” მიღმა, ომისთვისაც უნდა იყოს მზად.
“ჩვენ არ გვსურს ომი. ჩვენ მშვიდობა გვსურს. თუმცა ეს სისხლიანი ისტორია არასოდეს უნდა წაიშალოს ჩვენი მეხსიერებიდან. არ უნდა დავუჯეროთ ტკბილ სიტყვებს, უნდა ვიყოთ ფრთხილები. რა თქმა უნდა, ჩვენი შეიარაღებული ძალები ყოველ წუთს, ყოველ დღეს დგანან ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე. ჩვენ ვაკვირდებით, ვხედავთ და კვლავაც ვხედავთ შესაძლო საფრთხის წყაროებს. ვზრდით ჩვენს სამხედრო ძლიერებას. მეორე ყარაბაღის ომის შემდეგ, ჩვენი ძალების განვითარებასთან დაკავშირებით, როგორც კასპიის ზღვაში, ისე სხვა შეიარაღებული ძალებში, ჩვენ გავზარდეთ სპეციალური დანიშნულების რაზმების რაოდენობა ათასობით მებრძოლით — ზუსტ რიცხვს არ დავასახელებ, მაგრამ ეს ბევრად მეტია”.