2025 წლის იანვრიდან საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული სატვირთო, სამგზავრო და სამედიცინო დანიშნულების ტრანსპორტის რეგისტრაცია აიკრძალა. შეზღუდვა შეეხო ყველა იმ ტრანსპორტს, რომელიც M3, N1, N2 და N3 კატეგორიას მიეკუთვნება.
რეგულაცია ევრო-5 სტანდარტზე გადასვლას უკავშირდება, რომელიც ავტომობილის გამონაბოლქვის აირებში მავნე ნივთიერებების შემცველობას არეგულირებს.
2013 წლამდე გამოშვებული ტრანსპორტის რეგისტრაციის შეზღუდვა შეეხება გადამზიდავ კომპანიებსაც. როგორც საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, სატვირთო ავტომობილების დიდი ნაწილი მოძველებულია, ამიტომ აღნიშნული შეზღუდვა ხელს შეუწყობს გადამზიდავებს ავტოპარკი განაახლონ და ევროპული ტექნიკური სტანდარტი დააკმაყოფილონ, თუმცა ეს ბუნებრივია მათთვისაც დანახარჯების ზრდას გამოიწვევს, თუმცა ირაკლი ნემსაძის აზრით, ეს ექსპლუატაციის პროცესში სექტორს მნიშვნელოვან ფინანსებს დაუზოგავს.
“როდესაც ჩვენ შუა დერეფნის განვითარება გვინდა, გვინდა, რომ ჩვენი ავტოპარკი გადაერთოს ევროპულ ბაზარზეც, სხვა დაბრკოლებებთან ერთად ერთ-ერთ დაბრკოლებად იქცა ის, რომ ქართული ავტოპარკის უდიდესი ნაწილი ევროპულ ტექნიკურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, შესაბამისად ვფიქრობ, ეს ცვლილება საკმაოდ პოზიტიური ბიძგი იქნება იმ მიმართულებით, რომ ქართულმა გადამზიდავებმა ნებით თუ უნებლიედ განაახლონ ავტოპარკი და მოიყვანონ როგორც ევროპულ ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობაში, ასევე ეკოლოგიურ და უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობაში, რაც მნიშვნელოვანია.
ბუნებრივია, ეს გამოიწვევს დანახარჯების ზრდას, მაგრამ ახალი ავტოპარკი თავდაპირველად გულისხმობს ხარჯების გაწევას, შემდგომ ექსპლუატაციის პროცესში ის გაცილებით ეკონომიურია. ამ მიმართულებით ალბათ მნიშვნელოვანი იქნება, რომ საბანკო სექტორმაც გაითვალისწინოს ეს ცვლილება და თუ შესაძლებელი იქნება შეღავათიანი კრედიტებით დააფინანსონ გადამზიდავები. ასეთის შემთხვევაში, ვფიქრობ, ეს წნეხი არ გაუჭირდებათ გადამზიდავებს”,-აცხადებს ირაკლი ნემსაძე.
გადაწყვეტილება არ შეეხება ქვეყანაში უკვე მყოფ სატვირთო ავტომობილებს, ავტობუსებს და სამედიცინო დანიშნულების ავტომობილებს, ასევე ამ კატეგორიის იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც ქვეყანაში რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნით შემოდის.
აღსანიშნია, რომ კერძო სექტორის მიმართვის შემდეგ მთავრობამ საშეღავათო პერიოდი დაუწესა იმ იმპორტიორებს, რომელთა ავტომობილებიც რეგულაციის ამოქმედების დროსთვის გზაშია და ქვეყანაში ჯერ არ შემოსულა. კერძოდ, ის სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა ტრანსპორტირებაც 2025 წლის 1-ელ იანვრამდე დაიწყო, საქართველოში ჩვეულებრივ დარეგისტრირდებიან. მათ სპეციალური დოკუმენტი უნდა წარმოადგინონ, რომელიც ადასტურებს ავტომობილის საზღვაო კონტეინერში ჩატვირთვას ან/და გამომგზავნ საზღვაო პორტში მიღებას 2025 წლის 1-ელ იანვრამდე.