„ახალი პროექტები, ინვესტიციები, რომლებსაც ჩვენი პარტნიორები განიხილავდნენ, ყველაფერი დაპაუზებულია“, – ამის შესახებ „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა კახა ხაზარაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.
მისი თქმით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმა მის კომპანიასა და პარტნიორებს შორის ურთიერთობა დროებით შეაჩერა და ორივე მხარე არჩევნების მოლოდინშია.
„ცვლილებები ასე მალე არ ხდება. ეს ურთიერთობები, რომლებიც ჩვენმა კომპანიამ 30 წლის განმავლობაში დაამყარა, საკმაოდ მყარია, თუმცა დღეს, როცა ჩვენს პარტნიორებთან ვსაუბრობთ ახალ განვითარებებზე, ყველაფერი შეჩერებული გვაქვს და ყველა ელოდება არჩევნებს. გააჩნია ქვეყანაში როგორი სიტუაცია განვითარდება“, – განაცხადა მან.
ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა, პრობლემები მათაც შეეხება.
„თუ მდგომარეობა გაჯანსაღებისკენ არ წავა, ზოგადად ბიზნესს და მათ შორის, ჩვენც, პრობლემები შეგვექმნება“, – განაცხადა კახა ხაზარაძემ.
bpn.ge




