ახალი პარლამენტის შეკრებას ვერავინ დაბლოკავს – ამბობს პრემიერი. ასეა თუ არა ეს?

26 ოქტომბერს არჩეული საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომის ჩასატარებლად განსაზღვრული ბოლო ვადა 1 დეკემბერია, თუმცა შესაძლებელია მე-11 მოწვევის პარლამენტი უფრო ადრეც შეიკრიბოს.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, დან არაუგვიანეს 26-ე დღისა, აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგებს და ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელ ოქმს.
არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან 10 დღის განმავლობაში კი ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება.
კონსტიტუციის თანახმად, პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
რა მოხდება თუკი პრეზიდენტი არ დანიშნავს ახალი პარლამენტის პირველ სხდომას?
კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კონსტიტუციაში ეს საკითხი პირდაპირ არ არის განსაზღვრული. მისი თქმით, ხელისუფლება სავარაუდოდ, გამოიყენებს ანალოგიას და იტყვის, რომ პარლამენტი შეიკრიბება, მიუხედავად იმისა, პრეზიდენტი მოიწვევს თუ არა სხდომას, სავარაუდოდ, ბოლო, მე-10 დღეს.
ირაკლი მ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში 27 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე რადიო თავისუფლების შეკითხვის პასუხად თქვა: „10-დღიანი ვადაა განსაზღვრული პირველი სხდომის გამართვისთვის, მე-10 დღეს თავისით შეიკრიბება პარლამენტი და გაიმართება პარლამენტის პირველი სხდომა. აქ არავითარი საბოტაჟის რესურსი პრეზიდენტს არ აქვს, რომც დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუცია უხეში ფორმით. აქ ფორმალური კომპეტენცია აქვს მხოლოდ პრეზიდენტს, შეუძლია მას უხეშად დაარღვიოს კიდევ ერთხელ კონსტიტუცია, მაგრამ ვერ დაბლოკავს პარლამენტის პირველ სხდომას. კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ არჩევნების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში აუცილებლად უნდა შედგეს პარლამენტის პირველი სხდომა, შესაბამისად, თეორიულად ჩვენ თუ დავუშვებთ ასეთ უხეშ დარღვევას, მე-10 დღეს თავისით შეიკრიბება პარლამენტი. ამას უზრუნველყოფენ პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის ბიურო“.
ვახუშტი მენაბდის აზრით, ანალოგია მიემართება შემთხვევას, როდესაც პრეზიდენტი უარს ამბობს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე, მაგრამ პარლამენტს მაინც შეუძლია შეკრება.
„უპირატესი პრინციპი არის ის, რომ პრეზიდენტი ხელს ვერ შეუშლის პარლამენტის შეკრებას“, – თქვა კონსტიტუციონალისტმა.
„საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის ან მთავრობის მოთხოვნით პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში იწვევს რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას – რიგგარეშე სხდომას. თუ წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში მოწვევის აქტი არ გამოიცა, პარლამენტი თავისი რეგლამენტის თანახმად იკრიბება მომდევნო 48 საათის განმავლობაში“. – საქართველოს კონსტიტუცია (მუხლი 44)
აქვს თუ არა ბერკეტი ოპოზიციას შეაფერხოს პარლამენტის „სრული უფლებამოსილების შეძენა“?
კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება 150-წევრიანი პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა (მინიმუმ 76 მომავალი დეპუტატი). ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ 89 მანდატს გააკონტროლებს.
პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას მხოლოდ მას შემდეგ იძენს, რაც პარლამენტის წევრთა ორი მესამედის, 100 დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობენ, რაც არანაკლებ 76 არჩეულ დეპუტატს შეუძლია. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს.
„პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს“. – საქართველოს კონსტიტუცია (მუხლი 38).
ვახუშტი მენაბდის თქმით, „ოპოზიციას სამწუხაროდ, არ შეუძლია პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთვის ხელის შეშლა“.
შესაძლებელია თუ არა მანდატზე უარის თქმა დეპუტატის უფლებამოსილების ცნობამდე?
ვახუშტი მენაბდის განმარტებით, პარტიული სიების რეგისტრაციიდან მოხსნა აკრძალულია არჩევნებამდე 16 დღით ადრე, ვიდრე პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობამდე. დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ კი შესაძლებელია პარტიული სიის იმ ნაწილის ანულირება, რომელიც ვერ მოხვდა პარლამენტში. დეპუტატს კი მხოლოდ უფლებამოსილების ცნობის შემდეგ შეუძლია გადადგომა.
„გვახსოვს, როდესაც 2020 წლის მოწვევის პარლამენტში უარი თქვეს პარლამენტის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტაზე, – ამბობს მენაბდე, და ამატებს – ოპოზიციის წარმომადგენლების სურვილის შემთხვევაშიც კი მათ არ შეუწყვეტენ დეპუტატის უფლებამოსილებას. აქ ლაპარაკი არის იმაზე, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც კანონს არ უწევს ანგარიშს. გეუბნებით, რაც არის პროცედურები, მაგრამ სხვანაირადაც რომ იყოს, არაფერი არ მოასწავებს იმას, რომ ხელისუფლება კანონს დაიცავს. ლეგალური გზების დასახვა ფუჭი იმედი და ენერგიის ფუჭი დახარჯვაა“.
2021 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა არ დააკმაყოფილა ოპოზიციიდან არჩეული 51 დეპუტატის კანონიერი მოთხოვნა, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. 2020 წელს არჩეული პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე ცალ-ცალკე, 51-ჯერ უყარეს კენჭი დეპუტატების საკითხს, მაგრამ „ქართული ოცნებიდან“ არცერთი მომხრე არ ყოფილა.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, თამარ კორძაიამ და ელენე ხოშტარიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე. მოგვიანებით, თამარ კორძაიამ სარჩელი გამოიტანა და პარლამენტში საქმიანობა დაიწყო. ხოშტარიას და ჯაფარიძეს კი პარლამენტის წევრის უფლებამოსილება მას შემდეგ შეუწყვიტეს, რაც ეს საკითხი „ქართული ოცნებისთვის“ აქტუალური აღარ იყო, რადგან ოპოზიციის დიდი ნაწილი უკვე შესული იყო პარლამენტში.