ავტორი : არჩილ იაკობაშვილი
“პარლამენტი არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს შეიკრიბება”, – პროფესორ ირაკლი კობახიძის ამ ფრაზით ბიძინა ივანიშვილი უკვე არა მხოლოდ დემოკრატიაზე ძალადობს, არამედ კონსტიტუციაზეც, რომელიც მას თავის დროზე სწორედ ირაკლი კობახიძემ მოარგო.
ჩემი აზრით, კონსტიტუციაზე ძალადობის მთავარი მიზეზი ის შინაარსობრივ-ტექსტობრივი ხარვეზია, რომელიც პროფესორ ირაკლი კობახიძეს, როგორც კონსტიტუციის ახალი რედაქციის ავტორს, 38-ე მუხლში გაეპარა.
საკითხი ეხება კონსტიტუციის 38-ე მუხლს, რომლის მიხედვით მხოლოდ პრეზიდენტს აქვს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევის და/ან დანიშვნის უფლება.
38-ე მუხლი არცერთ წინადადებაში არ ამბობს “პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს” , არამედ ამბობს – “…პრეზიდენტი ნიშნავს…”
ე.ი. ფრაზას აქვს მოდალური და არა იმპერატიული ხასიათი, რის გამოც 38-ე მუხლი მანევრირების შესაძლებლობას უტოვებს პრეზიდენტს – “ხარვეზი” , რომელიც პროფესორ კობახიძეს გაეპარა.
ახალარჩეული პარლამენტის შეკრების, მათ შორის თვითშეკრების სხვა პირობას კონსტიტუცია უბრალოდ არ ითვალისწინებს, მათ შორის, არც გარდამავალ დებულებებში.
როგორც ცნობილია, მოქმედი პრეზიდენტი არ აღიარებს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, როგორც ახალარჩეული პარლამენტის საკონსტიტუციო სხდომის დანიშვნის წინაპირობას.
აგრეთვე, პრეზიდენტს აქვს შინგანი რწმენა, რომ ცესკოს მიერ გამოცხადებული არჩევნების შედეგები არ შეესაბამება დემოკრატიის სტანდარტებს, არ იყო დაცული და შესრულებული არჩევნების ჩატარების კონსტიტუციით გათვალისწინებული პირობები (საარჩევნო სიების სრულყოფილობა და ავთენტურობა, ხმის მიცემის ფარულობა და ა.შ.).
პრეზიდენტმა საკუთარი პოზიცია ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების ანულირებასთან და განმეორებითი არჩევნების მოთხოვნასთან დაკავშირებით გაამყარა, ერთის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სარჩელით, ხოლო მეორე მხრივ – საერთაშორისო მხარდაჭერით.
ყოველივე ამის საფუძველზე, ე.წ. ახალი მოწვევის პარლამენტის (თვით)შეკრება ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციას და ხელისუფლების დემოკრატიული ტრანზიციის პოლიტიკურ-სამართლებრივ პრინციპებს.
P.S. 38-ე მუხლი გამორიცხავს “უხელისუფლებობის” გამომწვევ სამართლებრივ ვაკუუმს, რადგან წინა პარლამენტს არ უწყდება და უნარჩნუნდება უფლებამოსილობა ახლის უფლებამოსილობის ცნობამდე, ხოლო თავის დროზე მის მიერ დამტკიცებული მთავრობა ვალდებულია, განაგრძოს სახელმწიფოს მართვა.
შენიშვნა: კომენტარების სექციაში გამოქვეყნებული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს “ნეტგაზეთის” პოზიციას.