„დავამკვიდროთ მაღალი პროფესიული სტანდარტები სამართლებრივ მომსახურებაში და შევქმნათ უსაფრთხო, პროგნოზირებადი გარემო ბიზნესისთვის როგორც ადგილობრივად, ისე საერთაშორისო არენაზე“ – ასეთია ხედვა იურიდიული კომპანია Pillarsfield Legal-ის, რომელიც საქართველოს იურიდიული ფირმების ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა.
როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანიის თანადამფუძნებელმა სოფო მეშველიშვილმა განაცხადა, Pillarsfield Legal-ი ემსახურება მცირე, საშუალო და მსხვილ კომპანიებს და ასევე, იცავს ფიზიკური პირების ინტერესებს ადმინისტრაციულ ორგანოებთან მოლაპარაკებების პროცესში და სასამართლო დავებში.
„მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ახალი დაფუძნებულია, ჩვენს გუნდში გაერთიანებული არიან მაღალი რეპუტაციისა და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე იურისტები. გუნდის წევრებს აქვთ მუშაობის გამოცდილება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში, მათ შორის საერთაშორისო სამართლებრივ გიგანტებში, როგორებიცაა Freshfields Bruckhaus Deringer და Hogan Lovells. გარდა ამისა, ჩვენი გუნდის წევრები აქტიურ აკადემიურ საქმიანობასაც ახორციელებენ, რაც ძალიან პოზიტიური გავლენის მომტანია პრაქტიკული საქმიანობის თვალსაზრისითაც.
ჩვენი იურისტები ფლობენ დასავლურ და ამერიკულ იურიდიულ განათლებას და კარგად ერკვევიან როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებში, რაც გვეხმარება საერთო შედეგების და მიზნების მიღწევაში“, – ამბობს სოფო მეშველიშვილი და იქვე დასძენს, რომ კომპანიის დაფუძნების გადაწყვეტილება, პარტნიორებთან ერთად, მას შემდეგ მიიღო, რაც არაერთი წარმატებული საქმე დააგროვეს.
„ჩვენი სფერო პროფესიული რესურსის დეფიციტს ნამდვილად არ განიცდის — იურიდიულ სივრცეში მრავლად არიან მაღალი რეპუტაციის მქონე, კომპეტენტური პროფესიონალები. სწორედ ამ გარემოში, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, ჩვენც ვცდილობთ კლიენტს შევთავაზოთ არა მხოლოდ ხარისხიანი იურიდიული მომსახურება, არამედ შევხედოთ მის საჭიროებებს კომპლექსურად და დავეხმაროთ მას ეფექტური და სარგებლიანი გადაწყვეტილების მიღებაში“, – თქვა კომპანიის თანადამფუძნებელმა „წერტილთან“ ინტერვიუში, სადაც მაგალითად Pillarsfield Legal-ის მიერ მოგებული რამდენიმე საქმეზეც ისაუბრა.
„წარმატებულ საქმეებს შორის რამდენიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – ერთ-ერთი ასეთი საქმე იყო საქართველოს უზენაეს სასამართლოში, როდესაც მოგვიწია დავაში ჩართვა. დავაში იმ ეტაპზე ჩავერთეთ, როცა პირველ და მეორე ინსტანციაში საქმე წაგებული იყო. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს უზენაესი სასამართლო იშვიათად ნიშნავს ზეპირ სხდომებს და მხოლოდ განსაკუთრებული იურიდიული მნიშვნელობის საქმეებს განიხილავს არსებითად ზეპირი მოსმენის ფარგლებში.
მოპასუხე აქტიურად ასხვისებდა ქონებას იმისთვის, რომ გადაწყვეტილების აღსრულება შეეფერხებინა. წინა ინსტანციებში არ იყო გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება (ყადაღა), რის გამოც ქონების დაცვა სჭირდებოდა. ჩვენ დაუყოვნებლივ მოვითხოვეთ ყადაღის დადება უზენაეს სასამართლოში და სასამართლომ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა – შედეგად, ქონება გასხვისებისა და იპოთეკის უფლებით დატვირთვისგან დავიცავით. კურიოზული სიტუაცია ამ დავის ფარგლებში ის იყო, რომ საჯარო რეესტრში ჩვენ და მეორე მხარე გვერდიგვერდ მოვხვდით, როდესაც იგი ასხვისებდა უძრავ ქონებას და ჩვენ პარალელურ რეჟიმში სასამართლოს განჩინებას ვაბარებდით, რომ გაგვეჩერებინა უძრავი ქონების გასხვისების პროცესი.
საბოლოოდ, უზენაესმა სასამართლომ ჩვენი კლიენტის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და მოპასუხეს დააკისრა ვალდებულება, გადაეცა, დაახლოებით, 2,000,000 ლარის ღირებულების უძრავი ქონება.
განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ აღნიშნულმა დავამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამართლებრივი პრაქტიკის განვითარებაში – საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით მკაფიოდ დაადგინა, რომ მორიგების პროცესში მხარის მიერ გაკეთებული შეთავაზება არ წარმოადგენს დასაშვებ მტკიცებულებას. აღნიშნულით, სასამართლომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მორიგების პროცესში მონაწილე მხარეებისთვის კონფიდენციალურობისა და პროცესის მოქნილობის შენარჩუნების აუცილებლობას.
ჩვენი იურიდიული პრაქტიკიდან, ასევე გამოვყოფდი ჩვენი კლიენტის სასარგებლოდ დასრულებულ დავას, სადაც შევძელით ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა. ჩვენ წარმატებით დავძლიეთ მტკიცების ტვირთი და 1,000,000 ლარის ღირებულების კომერციული ფართი დავუბრუნეთ კლიენტს, რომელსაც დავის დაწყებისას საკმაოდ არაპერსპექტიული მოლოდინები ჰქონდა“, – გაიხსენა სოფო მეშველიშვილმა და იქვე დასძინა, რომ დღეს, ორივე კომპანია Pillarsfield Legal-ის კორპორაციული კლიენტია.
მიუხედავად იმისა, რომ Pillarsfield Legal-ი ბაზარზე ახალი კომპანია, მისი დამფუძნებლები უკვე აწარმოებენ მოლააპარაკებებს ერთ-ერთ მაღალ რეიტინგულ და რეპუტაციულ ევროპულ იურიდიულ ფირმასთან.
„ჯერჯერობით, იურიდიული კომპანიის სახელს ვერ ვამბობთ, მაგრამ სურვილია, საქართველოში მათი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი იყოს ჩვენი კომპანია. ამჟამად მოლაპარაკებების სტადიაში ვართ. მისი შემოსვლა დადებითი ეფექტის მატარებელი იქნება ქვეყნისთვის ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების შემოდინების თვალსაზრისით“, – განაცხადა სოფო მეშველიშვილმა.
