“აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სატრანსპორტო კომუნიკაციები ეკონომიკურ რისკებს უქმნის საქართველოს”, – ამის შესახებ უცხოური გამოცემა News.Az წერს.
გამოცემა მიმოიხილავს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნის როგორც შესაძლო დადებით, ასევე უარყოფით გავლენებს საქართველოზე, რომელიც უცხოურ მედიაში სამხრეთ კავკასიის მთავარ სატრანზიტო ცენტრადაა მოხსენიებული.
საუბარია 8 აგვისტოს, ვაშინგტონში სომხეთის, აშშ-ისა და აზერბაიჯანის ლიდერების მიერ ხელმოწერილ ერთობლივ დეკლარაციაზე. დოკუმენტის თანახმად, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით, სომხეთმა შეერთებულ შტატებს 99 წლით მიანიჭა ექსკლუზიური უფლებები იმ მარშრუტის განვითარებისთვის, რომლითაც აზერბაიჯანი ნახიჩევანთან სახმელეთო კავშირის დამყარებას შეძლებს.
უცხოური გამოცემა სატრანსპორტო კვლევის ცენტრის ხელმძღვანელზე, პაატა ცაგარეიშვილზე დაყრდნობით წერს, რომ შესაძლოა, აღნიშნული სატრანსპორტო კომუნიკაციის განახლებით, საქართველომ სატრანზიტო ტვირთების 20% დაკარგოს.
“პაატა ცაგარეიშვილმა, ერევანში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „ორბელის ფორუმი 2025: მშვიდობისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის მშენებლობა“ გამოსვლისას განაცხადა, რომ სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ახალი მარშრუტების ამოქმედების შემდეგ, საქართველომ შესაძლოა, სატრანზიტო ტვირთების 20%-მდე დაკარგოს.
მისი შეფასებით, საქართველომ შესაძლოა შუა დერეფნის მთლიანი სატრანზიტო ნაკადის დაახლოებით 15-20% დაკარგოს. ყოველწლიურად, დაახლოებით 18-20 მილიონი ტონა ტვირთი გადის საქართველოზე და ამ მოცულობის ერთი მეხუთედის დაკარგვა სერიოზული დარტყმა იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის”, – წერს News.Az სტატიაში.
თუმცა, გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე რისკები ჰიპოთეტურად რჩება, რადგან სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი მთავარი სატრანზიტო მარშრუტი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაა, ხოლო სომხეთის გავლით ტრანზიტი თავდაპირველად საავტომობილო ტრანსპორტით შემოიფარგლება.
მათივე ინფორმაციით, ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ რკინიგზის კავშირის დამყარებას შეიძლება ხუთიდან ექვს წლამდე დასჭირდეს, რადგან სომხეთის მონაკვეთი დაუმთავრებელია. თუმცა, მიუხედავად ამისა, საბოლოო ჯამში, სტატიაში დარწმუნებითაა აღნიშნული, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალი სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების შემთხვევაში, საქართველოს გავლით ტვირთების ნაკადს შემცირება მოუწევს.
ამასთანავე, გამოცემა წერს, რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ მზარდი ტვირთების ნაკადმა, გვერდი არ აუაროს.
“ამასობაში, ტვირთების გადაზიდვა შუა დერეფნით, რომელიც ოფიციალურად ცნობილია როგორც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR), საქართველოს გავლით აგრძელებს ზრდას. ცოტა ხნის წინ, თბილისში გამართულ მე-5 აბრეშუმის გზის ფორუმზე, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა განაცხადა, რომ შუა დერეფნის გასწვრივ სატრანზიტო ტვირთების მოცულობა ბოლო სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 90 პროცენტით გაიზარდა, რაც აჩვენებს როგორც მის ეფექტურობას, ასევე მზარდ მოთხოვნას აღნიშნული მონაკვეთის მიმართ. TITR-ის გასწვრივ ტრანზიტის დროც მნიშვნელოვნად, 15 დღემდე შემცირდა.
2024 წელს TITR-ის მეშვეობით გადაზიდული ტვირთების საერთო რაოდენობა 62%ით გაიზარდა და 4.5 მილიონ ტონას მიაღწია. პროგნოზით, 2025 წელს ეს მაჩვენებელი 5.2 მილიონ ტონამდე გაიზრდება. 2027 წლისთვის კორიდორის გამტარუნარიანობამ შესაძლოა წელიწადში 10 მილიონ ტონას მიაღწიოს.
ამ სწრაფი ზრდის გათვალისწინებით, საქართველოს ნამდვილად ემუქრება რეგიონის მთავარი სატრანზიტო ცენტრის სტატუსის დაკარგვის რისკი. ქართველი ექსპერტები თვლიან, რომ გამოსავალი კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების გადამწყვეტ ზომებშია: სატარიფო პოლიტიკის გადახედვა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ლოგისტიკური ოპერატორების მხარდაჭერა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან სწრაფად მზარდი საქონლის ნაკადმა, შესაძლოა მთლიანად გვერდი აუაროს საქართველოს”, – ნათქვამია სტატიაში.




