ახალი ლოკაციის დამატებით გამოყოფა აზრს მოკლებულია, – წილოსანი პარკირებაზე

Business Insider Georgia თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს ვიქტორ წილოსანს ესაუბრა
კითხვა: თბილისის მერია 2024 წელს კიდევ რომელ ლოკაციებზე გეგმავს საპარკინგე ადგილების მოწყობას? თუ არ აპირებთ, რა ალტერნატივას სთავაზობთ ავტომფლობელებს?
პასუხი: განსაზღვრულია ათი ყველაზე დატვირთული ლოკაცია, სადაც დაინტერესება არ გვაქვს. შესაბამისად, ახალი ლოკაციის დამატებით გამოყოფა, აზრს მოკლებულია.
ამ ეტაპზე, ზონალურ-საათობრივი პარკირება მოქმედებს ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდისა და დიდუბის რაიონების ძირითად ქუჩებსა და გამზირებზე; სამგორის რაიონში – მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე; გლდანის რაიონში – მუხიანის გადასახვევის მიმდებარედ; ისნის რაიონში – ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ; ჩუღურეთის რაიონის გარკვეულ ქუჩებსა და აბანოთუბანში.
საპარკინგე სისტემის მოწესრიგება და საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება/მოწყობა ქალაქის მასშტაბით ეტაპობრივად ხორციელდება. სადაც ვახორციელებთ ქუჩის სრულ რეაბილიტაციას, იქ ვითვალისწინებთ ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შესაბამის საპარკინგე სივრცეების გამოყოფასაც. რაც შეეხება გადაადგილების სხვა საშუალებებს, მგზავრებს ვთავაზობთ სხვადასხვა ალტერნატივას, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ისე ოპერირების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აჩქარებისა და მოქალაქეთა კომფორტულ გადაადგილებაზე ორიენტირების თვალსაზრისით. აქ იგულისხმება, როგორც ოპერაციული, ისე ფინანსური – გადახდის ერთიან სისტემაში ინტეგრაციის ნაწილი, რათა მგზავრებმა ქალაქში გადაადგილებისთვის მათთვის საუკეთესო და მისაღები ფორმა აირჩიონ.
ვიქტორ წილოსანი ინფორმაციით, დღეისთვის დედაქალაქში არსებობს რამდენიმე ტიპის პარკირება. კერძოდ, ჩვეულებრივი საპარკინგე არეალები, სადაც ყოველწლიურად ვიხდით 50-ლარიან მოსაკრებელს და ამის შემდეგ იმ ტერიტორიაზე პარკირება არის უფასო; ზონალურ-საათობრივი პარკირება, რომლის ღირებულება არის საათში ერთი ლარი, სადაც სპეციალურად გამოყოფილია ადგილები ტაქსების, შშმ პირების, ელექტრომობილებისა და სადისტრიბუციო ავტომობილების პარკირებისთვისაც, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობისთვის სერვისით სარგებლობა უფასოა.
თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, განსაზღვრულია სატრანსპორტო საშუალებების პარკირების 27 614 ადგილი, რომელთაგან ნაწილი არის უფასო, ნაწილზე კი მოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა. ზონალური პარკირება უფასოა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ელექტრომობილის მფლობელებისთვის, შშმ პირებისთვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის და დისტრიბუციისთვის მათთვის გამოყოფილ ადგილებზე. დანარჩენ შემთხვევაში, პარკირების საფასური შეადგენს ერთი საათი – ერთ ლარს. ამ დროის მონაცემებით, დედაქალაქში გამოყოფილია ზონალურ-საათობრივი პარკირების 12 837 ადგილი.
შეგახსენებთ, თბილისის მერი ამტკიცებს, რომ დედაქალაქში პარკირების პრობლემა არ არსებობს. ავტომობილების გასაჩერებლად სივრცეებიც საკმარისია და სივრცეებში თავისუფალი ადგილებიც. თუმცა, მძღოლები ამბობენ, რომ რეალობა სულ სხვაგვარად გამოიყურება. მათი მტკიცებით, არასწორი პარკირების გამო ყოველთვიურად ათობით ლარით ჯარიმდებიან, ეს ყველაფერი კი იმის გამო ხდება, რომ ავტომობილის გასაჩერებლად თავისუფალ ადგილებს რთულად პოულობენ.
ოპოზიცია კი დედაქალაქის მერს დაპირებას ახსენებს, რომლის თანახმადაც თბილისში დამატებით მიწისქვეშა და მიწის ზედა პარკირებები უნდა მოწყობილიყო.
გვპირდებოდა, რომ ის გაიყვანა სითი პარკს და გაიყვანა, რომელშიც, სხვათა შორის, რამდენიმე მლნ ლარი ჯარიმა გადაიხადეს, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ აეშენებინათ მიწისქვეშა და მიწის ზედა პარკინგები, რომ შეექმნათ ადმატებითი საპარკინგე ადგილები, მხოლოდ გადასახი გაუძირეს თბილისელებს და საპარკინგე სივრცეები არათუ გაზარდეს, არამედ პირიქით, შემცირებულია. დღეს გავქვს ბევრად უფრო მძიმე სიტუაცია, ვიდრე იყოს კახი კალაძის მოსვლამდე”, – ამბობს ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე.
წყარო: businessinsider.ge