ახალი კონტრაქტორი კომპანია, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილთან დაახლოებული პირისაა | რა ხდება წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე?

წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის მერიამ ახალი, თითქმის 18 მლნ ლარის ოდენობის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. ახალი კონტრაქტორი კომპანია შპს “პარმაა”, რომლის დამფუძნებელს, დავით თოფურიას მჭიდრო კავშირი აქვს ბერა ივანიშვილთან.
შეგახსენებთ, კომპანიებს, რომლებსაც წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია ევალებოდათ, თბილისის მერიამ კონტრაქტი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეუწყვიტა. კომპანიებს “მილენიუმ ბილდერსა” და “ერტედეს” სამუშაოები ამა წლის იანვრამდე უნდა დაესრულებინათ, რისთვისაც მათთვის ბიუჯეტიდან 31 მლნ ლარი იყო გამოყოფილი. ჩაშლილი რეაბილიტაციისა და სამუშაოების გახანგრძლივების გამო ეს ხელშეკრულებები შეწყდა. წერეთლის გამზირი 8 თვეა გადათხრილია და მერიამ ახლა დაადგინა, რომ ორი კომპანია უხარისხოდ აწარმოებდა სამუშაოებს.
სამუშაოებს წერეთელზე ამჟამად უკვე ახალი კომპანია, “პარმა” აგრძელებს.
“მილენიუმ ბილდერსა” და “ერტედესთან” გაწყვეტილ კონტრაქტებთან დაკავშირებით დეტალური განცხადება თბილისის მერიაში დღეს, 13 საათზე გაკეთდება.