ახალი კვლევების თანახმად, გოგონები, რომლებიც 16 წლის ან უფრო ახალგაზრდა ასაკში პაპილომავირუსის (HPV) ვაქცინით აიცრნენ, 80%-ით ნაკლებად ავადდებიან საშვილოსნოს კიბოთი, ვიდრე აუცრელი თანატოლები,- ამის შესახებ ინფორმაციას ევრონიუსი ავრცელებს.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ვაქცინა ეფექტურია კიბოს წინასწარი ნიშნების პრევენციაშიც და არ იწვევს სერიოზულ გვერდით მოვლენებს.
ანალიზები ჩატარებულია ავტორიტეტული არასამეწარმეო კვლევითი ორგანიზაციის Cochrane-ის მიერ და მოიცავს როგორც კლინიკურ კვლევებს, ისე რეალურ ცხოვრებაში ჩატარებულ მასობრივ მონაცემებს, რომელშიც 132 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, საშვილოსნოს კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ქალებში. 2022 წელს მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 660,000 ახალი და 350,000 გარდაცვალება დაფიქსირდა. დაავადება განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალებს ემართებათ, რაც კიდევ უფრო ზრდის ვაქცინაციის მნიშვნელობას.




