აზერბაიჯანში ამოქმედდა კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ინტერნეტში „საზოგადოებრივი მორალის შეურაცხყოფისა“ და „საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის“ შემცველი კონტენტის გავრცელებას ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აკისრებს. ექსპერტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით, ბუნდოვანი ფორმულირებები სამართალდამცველებს კანონის სუბიექტური ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს და კრიტიკული ხმების დევნის საფრთხეს ქმნის.
კანონი აზერბაიჯანის პარლამენტმა 2025 წლის 30 დეკემბერს მიიღო, პრეზიდენტმა კი 15 იანვარს მოაწერა ხელი ცვლილებებს კანონში „ინფორმაციის, ინფორმატიზაციისა და ინფორმაციის დაცვის შესახებ“.
ახალი ნორმების თანახმად, ინტერნეტში აკრძალულია ისეთი მასალის გავრცელება, რომელიც შეიცავს „საზოგადოებრივი მორალის შეურაცხყოფას“, „საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას“, აგრეთვე „უცენზურო გამონათქვამებს, ჟესტებს ან სხეულის ნაწილების დემონსტრირებას, რომელიც ეწინააღმდეგება ზნეობრივ და ეროვნულ-სულიერ ღირებულებებს“.
პარალელურად, ცვლილებები შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც. აღნიშნული ქმედებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 500-დან 1000 მანათამდე. თუ სანქცია „არასაკმარისად“ ჩაითვლება, შესაძლებელია ადმინისტრაციული პატიმრობა 30 დღემდე. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა 1000–2000 მანათს ან ერთიდან ორ თვემდე პატიმრობას ითვალისწინებს.
აზერბაიჯანის ეროვნული ასამბლეის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაჰიდ ორუჯის განცხადებით, ცვლილებები საზოგადოებრივი მორალისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის აუცილებლობამ განაპირობა. მისი თქმით, „უსაზღვრო თავისუფლება და დაუსჯელობის განცდა სოციალურ ქსელებს ანტისაოჯახო და ანტიზნეობრივ სივრცედ აქცევს“.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და კვლევითი ცენტრის „რესპუბლიკა“ თანადამფუძნებელი ნათიგ ჯაფარლი მიიჩნევს, რომ ახალი ნორმა არასრულყოფილია. მისი თქმით, კანონში არ არის განსაზღვრული კონკრეტული კრიტერიუმები, თუ რა ქმედება ითვლება სამართალდარღვევად.
„რა არის ეროვნულ-სულიერი ღირებულებები, ვინ და როგორ განსაზღვრავს მათ? ასეთი განმარტება სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს, რაც კანონის სუბიექტური ინტერპრეტაციის საფრთხეს ქმნის“, – განაცხადა ჯაფარლიმ.
მისივე შეფასებით, ბუნდოვანია ასევე „საზოგადოებისადმი უპატივცემულობის“ ცნება. „არის თუ არა საზოგადოების უპატივცემულობა ჩინოვნიკის მიერ ცრუ ინფორმაციის გავრცელება? რა არის ამორალური ქმედება და ვინ განსაზღვრავს საზოგადოებრივ მორალს? ეს კითხვები პასუხგაუცემელი რჩება”.
როგორც “კავკაზსკი უზელი” წერს, ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები აღმასრულებელ ხელისუფლებას მაკრიტიკებელთა წინააღმდეგ დამატებით ბერკეტს აძლევს. მათი თქმით, კანონის დარღვევად შესაძლოა შეფასდეს ირონია, სარკაზმი ან სატირაც კი.
„კანონის მიღების შემდეგ უკვე მოხდა დაკავებები სოციალურ ქსელებში დატოვებული კომენტარების გამო, მათ შორის დააკავეს აქტივისტი კენულ აჰმედოვა და აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის ორი წევრი“, – თქვა ერთ-ერთმა ექსპერტმა ანონიმურობის პირობით.
გამოცემის ინფორმაციით, 22 იანვარს ბაქოს ხაზარის რაიონულმა სასამართლომ კენულ აჰმედოვა 20 დღით ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა – საქმე აღიძრა სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული კომენტარების გამო, რომლებიც მან SanjakMedia-სა და Meydan TV-ის მასალებზე დაწერა.




