ახალი იპოთეკური სესხების მოცულობა ზრდას განაგრძობს, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა კი მცირდება.
„თიბისი კაპიტალის“ მიერ გამოქვეყნებულ მომხმარებლის დანახარჯების დინამიკაში წერია, რომ ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობა, 2023 წლის დეკემბერში, გაიზარდა და წლიურმა ცვლილებამ 12% შეადგინა.
თუმცა ამის პარალელურად თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა, 2022 წელთან შედარებით, 6%-ით შემცირდა.
ბოლო წლების განმავლობაში როგორც გასაქირავებელი, ისე გასაყიდი ბინების ფასები მიგრანტების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, მკვეთრად იყო გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ლელო – პარტნიორობა თბილისისთვის“ თავმჯდომარის საბა ბუაძის ინფორმაციით, 2023 წელს თბილისში 5000-ზე მეტი გაყიდული ბინიდან 2400-მდე რუსეთის მოქალაქემ შეიძინა. მათი დიდი ნაწილი ქვეყანას უკვე ტოვებს და შესაბამისად მოთხოვნის შემცირება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება, რაც ფასებზე აუცილებლად აისახება.
ფასების კლების ტენდენციის შესახებ პროგნოზი ბიზნესკონსულტანტმა ლევან კობერიძემ „კომერსანტთან“ არაერთხელ გააკეთა, მისი თქმით მიმდინარე წლის გაზაფხულიდან თბილისში უძრავი ქონების ფასები დაახლოებით 20%-ით დაიკლებს.
„პროცესი ისე მიმდინარეობს, რომ თუკი რაიმე ხელოვნური ჩარევა არ მოხდა, მოლოდინი მაქვს, რომ გაზაფხულის დასაწყისიდან თბილისში გასაყიდი ბინების ფასები დაიწევს დაახლოებით 20%-ით, არსებულ ფასებთან მიმართებით.
ეს პროცესი ბათუმში უკვე დაიწყო, იქ რუსების მიერ საცხოვრებელი ადგილების დაცლა უკვე მიმდინარეობს, ბათუმიდან წამოვა ეს ტალღა და ძალიან სწრაფად გადმოვა თბილისში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ მიგრანტებს არა მხოლოდ იჯარით აქვთ აღებული ბინები, არამედ ნაყიდი აქვთ და თვითონვე აქირავებდნენ თანამოქალაქეებზე, ძალიან სწრაფად დაიწყებს ფასების კლება არამხოლოდ ქირაზე, არამედ გასაყიდ ბინებზე“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.
მისი თქმით, აღნიშნული პროცესი დადებითად აისახება უშუალოდ საქართველოს მოსახლეობაზე, რადგან მათთვის როგორც ბინის ქირაობა, ისე შეძენა, გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი გახდება.