ახალი ზოოპარკის გახსნისთვის 40 მლნ დოლარის მობილიზებაა საჭირო

„ყველაფერი დამოკიდებულია დაფინანსებაზე, ამიტომ ახალი ზოოპარკის გახსნის თარიღი ჯერჯერობით კვლავ უცნობია,“ – ამის შესახებ თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თანხა ზოოპარკის შენახვისთვის, რომელიც ბიუჯეტიდან გამოიყოფა, სამუშაოების დასასრულებლად საკმარისი არ არის.
„ზოოპარკს საბოლოო სახე რომ მიეცეს, დაახლოებით 40 მლნ დოლარი გვჭირდება, თუმცა, ეს შეიძლება, რომ ეტაპობრივად მოხდეს. ახლა ვაპირებთ, რომ როდესაც აფრიკის ექსპოზიციის და კავკასიის ექსპოზიციის მშენებლობა დასრულდება, ზოოპარკს გავხსნით, მაგრამ კონკრეტულ ვადებს ვერ გეტყვით, როდის იქნება ეს. გახსნის შემდეგ კი დანარჩენ საქმეებს მივხედავთ,“ – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.
მისი თქმით, ამჟამად ახალ ზოოპარკში 15 სახეობის ცხოველი და ფრინველი, ასევე მსხვილი ძუძუმწოვრები არიან გადაყვანილი.
ზურაბ გურიელიძემ ზოოპარკში კადრების პრობლემაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კადრები დაკომპლექტებული ჰყავს, დაბალი ხელფასის გამო ამ კუთხით პრობლემები არის, თუმცა არა მასშტაბური ხასიათის.
„აქ არის ხალხი, ვისაც უყვარს თავისი საქმე და ერთგულად ემსახურებიან მას,“ – განაცხადა ზოოპარკის დირექტორმა.
წყარო: bpn.ge