ბრალის დამძიმებას პროცედურულ ჩიხში შეჰყავს გიგა ავალიანის საქმე – ამტკიცებენ ბრალდებული არასრულწლოვნების ადვოკატები. ერთი მხრივ, პროკურატურა ამ შეფასებას არ ეთანხმება, მეორე მხრივ კი – გამოსავალს ეძებს. არ არის გამორიცხული გამოძიებამ საქმე სასამართლოდან უკან გაიხმოს.
რატომ – ამ სტატიაში ვეცდებით ავხსნათ.
29 წლის მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე გასული წლის ოქტომბრიდან ამტკიცებს, რომ მის შვილზე ძალადობა, რასაც გარდაცვალება მოჰყვა, არასრულწლოვნების მიერ დაგეგმილი ჯგუფური დანაშაული იყო.
პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში, სასწავლო ცენტრიდან გამოსულ ახალგაზრდა მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ და სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ავალიანმა 23 დღე იცოცხლა და 24 ოქტომბერს გარდაიცვალა.
პროკურატურა ჯგუფურ დანაშაულს იძიებდა, თუმცა ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც საქმე სასამართლოში მოხვდა. არასრულწლოვნებს ჯგუფურის ნაცვლად ინდივიდუალური ბრალი წარუდგინეს – ერთ მოზარდს ჯანმრთელობის გაზრახ მძიმე დაზიანებაში დასდეს ბრალი, რასაც გარდაცვალება მოჰყვა, მოზარდის მეგობარს კი, რომელიც ძალადობას ტელეფონით იღებდა – დანაშაულის შეუტყობინებლობაში.
საქმის ასეთმა განვითარებამ გიგა ავალიანის ოჯახისა და მხარდამჭერების აღშფოთება და პროტესტი გამოიწვია. საპროტესტო აქციებს მოჰყვა პროკურატურის კრიტიკა და ღია პრეტენზიები, რომ გამოძიება არაეფექტური, არაკვალიფიციური და არაობიექტური იყო. მაშინ პროკურატურა განმარტავდა, რომ ბრალდება მტკიცებულებებს ეყრდნობოდა, ეს მტკიცებულებები კი ჯგუფურობას არ ადასტურებდა.
საქმე ახლა არსებითი განხილვის ეტაპზეა. მხარეები მტკიცებულებებს იკვლევენ, უსმენენ მოწმეებს. ყველა ინფორმირებულია, მათ შორის გიგა ავალიანის ოჯახიც, რომ ამ ეტაპზე პროკურატურას მუხლის დამძიმების უფლება არ აქვს.
ახალი საქმე და დამძიმებული ბრალი
გიგა ავალიანზე თავდასხმიდან მეექვსე თვეს, 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ თქვა, რომ ორ არასრულწლოვანს [მოზარდსა და მოზარდის მეგობარს] გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა და კიდევ ერთ მეგობართან ერთად, ძალადობის ოთხ სხვა, ავალიანის საქმესთან დაუკავშირებელ ეპიზოდზეც წარედგინათ ახალი ბრალი.
პროკურატურა ამბობს, რომ მოზარდი [ა.გ.] მოზარდის მეგობარი [გ.რ.] და მოზარდის მეორე მეგობარი [დ.ჩ.] , ასევე სხვებიც „კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით თავად, თითქოსდა გოგონების სახელით წერდნენ შერჩეულ მსხვერპლს და გარეთ იტყუებდნენ, ითანხმებდნენ წინასწარ შერჩეულ დროსა და ადგილას შეხვედრაზე, უსაფრდებოდნენ და ჯგუფურად ფიზიკურად ძალადობდნენ. სცემდნენ მსხვერპლს უმოწყალოდ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ“.
ძალადობის სცენებს იღებდნენ, ინახავდნენ მობილურ ტელეფონებში და ავრცელებდნენ „მიზნობრივ ჯგუფებში“.




