ახალი ავტომაგისტრალი თბილისის შემოვლითი რკინიგზის ნაცვლად – პროექტის დეტალები

თბილისის შემოვლითი რკინიგზის ნაცვლად ახალი ავტომაგისტრალი-საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს თბილისის შემოვლითი მაგისტრალის 22.5-კილომეტრიანი პროექტი წარუდგინა. საუბარია ავჭალა-აეროპორტის 22-კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც შემოვლითი მაგისტრალის მთავარი მონაკვეთი იქნება და გაივლის იმ ტერიტორიაზე, სადაც შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელება იყო დაწყებული. რკინიგზის პროექტი 2013 წელს დაპაუზდა და მას შემდეგ პროექტის განვითარების პერსპექტივაც გაქრა.
ურბანული ლაბორატორიის დამფუძნებელი გვიხნის, რომ წლების წინ გაჩერებული პროექტისთვის ამგვარი გადაწყვეტის მოფიქრება ეკონომიკურად უფრო გამართლებულია. მისი შეფასებით, ამ გზით უკვე დახარჯული ფინანსების გამოყენებაც მოხდება და ახალი ტრანზიტული გზაც გაჩნდება.
“ჩვენ რაც ვნახეთ ბოლო პროექტი მესამე ლოტის, არის შემოვლითი რკინიგზისთვის შექმნილი ვაკისის გამოყენება და მას დაემატება კიდევ ასეთივე ვაკისი, მოხდება გვირავებების დუბლირება, პარალელური გვირაბების და ხიდის აშენება. ჯამში მივიღებთ 4 ზოლს, რაც არის შემოვლითი, ტრანზიტული გზისთვის სრულიად მისაღები. ამ მხრივ ჩვენი აზრით, მოხდა შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურული პროექტის დანახარჯების ათვისება, ანუ ის თანხა რაც ჩაიდო აღარ არის დაკარგული ინვესტიცია და მეორე მხრივ, კიდევ რკინიგზას აქვს საშუალება სხვა ვარიანტები შემოგვთავაზოს, რომელიც არის მისთვის ხელსაყრელი და პარალელურად ქალაქი იღებს ახალ შემოვლით გზას.
თუ ვისაუბრებთ იმაზე რა უპირატესობები აქვს ახალ მარშრუტს უკვე არსებულ შემოვლით გზასთან მიმართებით, ეს არის მისი უკეთ ინტეგრირება შიდა საქალაქო გზათა ქსელთან. არსებულ გზას აქვს დაერთება ავჭალის და ვაზიანი გარდა, მხოლოდ გლდანთან და მარტყოფთან, რაც ფაქტობრივად მის ჩართულობას შიდა საქალაქო მოძრაობაში გამორიცხავს, ახალ პროექტში ჩვენ რაც ვნახეთ 4 დაერთება არის წარმოდგენილი შიდა საქალაქო ქსელთან, ეს არის გლდანთან, მუხიანთან, თბილისის ზღვის წრიულ გზასთან და ვარკეთილთან. ამ გზას აქვს პოტენციალი, რომ შიდა საქალაქო მოძრაობის გარკვეული ნაწილი აიღოს,”- ამბობს ურბანული ლაბორატორიის დამფუძნებელი გიორგი ბაბუნაშვილი.
საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, მაგისტრალის ამ მონაკვეთის მშენებლობა 300 მილიონი დოლარი დაჯდება და დაფინანსებას აზიის განვითარების ბანკი გამოყოფს. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ეს მონაკვეთი შემოვლითი რკინიგზის 4 გვირაბს და არსებულ ხიდს გამოიყენებს, თუმცა პარალელურად 4 ახალი გვირაბი და ხიდი უნდა აშენდეს.
ურბანისტების ნაწილი პროექტს დადებით აფასებს , თუმცა თვლის, რომ ინფრასტრუქტურა შემოვლითი რკინიგზის პროექტის ხარჯზე არ უნდა მოეწყოს. მათი შეფასებით, სრულიად შესაძლებელი იყო ერთდროულად საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა და რკინიგზისთვის შექმნილი ინფრასტრუქტურის შენარჩუნებაც.
“ქალაქისთვის მნიშვნელოვანია არსებობდეს შემოვლითი გზა, რომელიც გარკვეულ სარგებელს მოუტანს თბილისს და არა მხოლოდ, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს შემოვლითი რკინიგზის იდეის გაქრობის ხარჯზე. ჩვენ რასაც ვხედავთ ამ პროექტში და პრობლემური რაც არის, ეს არის ის რომ ამ გზით მოხდება იმ ინფრასტრუქტურის ათვისება, რაც თავდაპირველად იყო გაკეთებული და საკმაოდ დიდი თანხები იყო დახარჯული შემოვლითი რკინიგზის გასაკეთებლად. დარგის სპეციალისტები ვთანხმდებით, რომ ქალაქს სჭირდება შემოვლითი რკინიგზა, ეს არ იყო მხოლოდ ლოგისტიკური პროექტი ეს თბილისის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვისაც უმნიშვნელოვანესი პროექტი იყო და იქნება, როდესაც განხორციელდება და ის უნდა განხორციელდეს. კონკრეტულად შემოვლითი გზის შემთხვევაში და დაიხარჯა თანხები, ფაქტობრივად განადგურდება და მომავალში როდესაც ქალაქი გადაწყვეტს რომ ისევ უნდა გაკეთდეს შემოვლითი რკინიგზა და სჭირდება ის ქალაქს, მოგვიწევს თავიდან ამ ყველაფრის დაწყება,”-აცხადებს ურბანისტი ანა ბიბილაშვილი.
გრძელ ვადაში გამოწვევების მიუხედავად თბილისის ახალი შემოვლითი გზის პროექტი მოკლევადიან პერსპექტივაში მიმზიდველია სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელისთვის. პაატა ცაგარეიშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ სარკინიგზო ტვირთბრუნვა გაიზრდება ქვეყანა არსებული რკინიგზის ხაზის იმედად რჩება, რაც არასაკმარისია. პაატა ცაგარეიშვილს ყაზახეთის მაგალითი მოჰყავს, სადაც გაზრდილი ტვირთბრუნვის ფონზე, ალმაატის შემოვლითი რკინიგზის გაყვანა დაიწყეს.
“გვექნება მხოლოდ ერთი სახეობის სატრანსპორტო გზა, როცა შეიძლება რომ გვქონოდა ორი. რატომ არ შეიძლებოდა პარალელურად განხორციელებულიყო და პერსპექტივა დაგვეტოვა რკინიგზის განვითარების. თუ ჩვენ გრძელვადიან ჭრილში შევხედავთ, ჩინეთ-ყაზახეთის გზაზე არის ტვირთნაკადის ბუმი, დაახლოებით 34 მილიონი ტონა დაფიქსირიდა 2024 წელს, როცა რამდენიმე წლის უკან 8 მილიონი იყო.
ყაზახეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რომ ალმაატის გულში არ გაევლო, შემოვლითი რკინიგზის პროექტი დაიწყო, უკვე პირველი რელსების დალაგება დაიწყეს. ანუ მეზობელ ქვეყანას გააქვს რკინიგზა ქალაქიდან, ჩვენ ისევ ვტოვებთ ქალაქში, საბოლოოდ რაც შემიძლია ვთქვა არის ის რომ მოკლევადიან პერსპექტივაში შემოვლითი გზა მიმზიდველია, მაგრამ გრძელვადიან პრიზმაში, აბსოლუტურად მიუღებელია შემოვლითი რკინიგზის პროექტის მიტოვება,”- ამბობს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი.
ავჭალა-აეროპორტის გზის 22 კილომეტრიანი მონაკვეთი თბილისის ახალი შემოვლითი გზის მხოლოდ ნაწილია, რომლის პროექტზე მუშაობა იტალიურმა კომპანიამ 8 წლის წინ დაიწყო. პროექტი 5 ლოტად უნდა განხორციელდეს და ნატახტარი რუსთავს თბილისის გვერდის ავლით უნდა დაუკავშიროს. მაგისტრალის მონაკვეთები განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა – ჯერ-ჯერობით უცნობია როდის დაიწყება და რა დრო დასჭირდება პროექტის განხორციელებას, დამატებით დეტალებზე საავტომობილო გზერის დეპარტამენტში არ საუბრობენ.