თბილისში, ახალი აეროპორტის სამართავად კომპანია შეირჩევა, თუმცა სრულ მფლობელობას სახელმწიფო შეინარჩუნებს – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
დავითაშვილის თქმით, მთავრობის გათვლებით ვაზიანის აეროპორტი პირველ რეისს 2028 წლის ბოლოს მიიღებს.
„ჩვენ, ვახორციელებთ სანავიგაციო კვლევებს, რომელიც გასული წლის შუაში დაიწყო და რამდენიმე თვიანი კონტრაქტი აქვთ ჩვენს კონტრაქტორებს და უახლოეს ვადებში დაასრულებენ, რაც მოგვცემს საშუალებას, ზუსტად განვსაზღვროთ ახალი ასაფრენ დასაფრენი ზოლის კონფიგურაცია, რაც აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ განვსაზღვროთ, როგორი იქნება შემდეგში აეროპორტის გეგმა „მასტერპლანი”. ამის შემდეგ, ჩვენ დავიწყებთ ამ კონკურსს, უახლოეს პერიოდში, რამდენიმე კვირაში დაიწყება. 2025 წლის ბოლოს, როგორც პრემიერმა განაცხადა ჩვენი მიზანია, გვქონდეს სრულყოფილი და დეტალური გეგმა, რომელიც სამშენებლო ეტაპზე გადასვლის საშუალებას მოგვცემს. ჩვენი ვარაუდით, ამას დასჭირდება 3 წელი. 2028 წლის ბოლოს ჩვენ შევძლებთ გვქონდეს სრულყოფილი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ახალი ფრენები განხორციელდეს.
რაც შეეხება მართვის საკითხს, ამასთან დაკავშირებითაც, ჩვენ გვყავდა ჩართული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია, რომელმაც ყველა გავრცელებული მოდელის საკმაოდ საინტერესო ანალიზი შემოგვთავაზა. რამდენიმე ობცია, ცალსახად უფრო მისაღებია ჩვენს შემთხვევაში. სახელმწიფო ინარჩუნებს სრულ კონტროლსა და მფლობელობას და შემოჰყავს მმართველი კომპანია, რომელსაც ეფექტიანი მართვისთვის საკმარისი გამოცდილება გააჩნია”, – განაცხადა დავითაშვილმა.
მთავრობის მიერ გაცხადებული გეგმის მიხედვით, თბილისში, ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა იგეგმება. ამჟამად ვაზიანის აეროპორტი თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაშია და მას სამხედრო დანიშნულება აქვს. ცნობილია, რომ ახალი აეროპორტის ასაშენებლად საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს ავსტრიული კომპანია Airport Competence GmbH-ი ჩაატარებს.
წყარო: bm.ge